საჯარო დისკუსია „რას ნიშნავს სახელმწიფო კომისიის დასკვნა ითხვისისთვის და მანგანუმის მოპოვებით დაზარებული სხვა თემებისთვის“

საჯარო დისკუსია „რას ნიშნავს სახელმწიფო კომისიის დასკვნა ითხვისისთვის და მანგანუმის მოპოვებით დაზარებული სხვა თემებისთვის“

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურას“ ორგანიზებით, 1 ნოემბერს გაიმართა საჯარო დისკუსია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში მიწის ჩაქცევის მიზეზებთან დაკავშირებით სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე. მიწის ჩაქცევამ  საცხოვრებელი სახლების ნგრევა და დაზიანება გამოიწვია. მოსახლეობა ჩაქცევას კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ სოფელში მანგანუმის მოპოვებას უკავშირებს. მთავრობის დავალებით მომზადებულ დასკვნაში ჩაქცევის მიზეზად 1970-80-იან წლებში მანგანუმის მოპოვების შედეგად დარჩენილი მიწისქვეშა სიცარიელეები დასახელდა.

საჯარო დისკუსიას ესწრებოდნენ ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სოფელ ითხვისის მცხოვრებლები. ექსპერტებმა დეტალურად გააანალიზეს დასკვნა და მასში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები, კერძოდ: კომისიას არ შეუსწავლია გასული საუკუნის 70-80-იან წლებში მოპოვებითი სამუშაოების რუკები, ადგილობრივ მოსახლეობასთან ნაკლებად ჰქონდა კომუნიკაცია, მოკვლევის პროცესში ძირითადად „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნო და სხვ. ექსპერტებმა ასევე ისაუბრეს დაზარალებული ოჯახებისათვის კომპენსაციების გაცემის არსებულ წესზე და განსახლების პროცესის სათანადო უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე (კომისიამ 106 ოჯახის განსახლების რეკომენდაცია გასცა).

საჯარო დისკუსია დაიგეგმა მას შემდეგ, რაც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები ჭიათურის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. სხვადასხვა პრობლემასთან ერთად, მოსახლეობამ დაზიანებული ქონების ღირებულების შეფასების ერთიანი სტანდარტის შემუშავების საჭიროებაც გამოკვეთა.

ამ პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობო სექტორი მოქალაქეებს როგორც სამართლებრივი კუთხით, ისე პასუხისმგებელ უწყებებთან კომუნიკაციის კუთხით ეხმარება.

Write a Comment

<