არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრები ჭიათურის მოსახლეობასთან

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრები ჭიათურის მოსახლეობასთან

20 სექტემბერს სამოქალაქო აქტივისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ჟურნალისტებმა ჭიათურის სოფლებში (რგანი, ხალიფაური, ითხვისი, ზოდი) ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრები გამართეს და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. შეხვედრებს სოფ. წირქვალის მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ. აქტივისტები სოფელ მღვიმევშიც ჩავიდნენ და იქ მიმდინარე მოპოვებითი სამუშაოები დაათვალიერეს.

ჭიათურის ამ სოფლებში წლებია მიმდინარეობს სამთო-მოპოვებითი სამუშაოები როგორც ღია კარიერული წესით, ისე მაღაროებში. ღია კარიერები დასახლებული პუნქტების მიმდებარე ტერიტორიაზეა და ადგილობრივ მოსახლეობას არაერთ პრობლემას უქმნის. გარდა ამისა, მიწის ქვედა ფენებში არსებული მავნე ნივთიერებები ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას. ვითარება განსაკუთრებით რთულია იმ სოფლებში, სადაც ღია კარიერები სკოლებთან და საცხოვრებელ სახლებთან ძალიან ახლოს არის (მაგ. სოფელ ხალიფაურში ღია კარიერი საჯარო სკოლიდან დაახლოებით 50 მეტრშია).

როგორც შეხვედრებზე მოქალაქეებმა აღნიშნეს, გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობის პრობლემების გარდა, მათ სახლებისა და ეზოების დაცვის საკითხიც უდგათ, რადგან მანგანუმის მომპოვებელი კომპანია კერძო საკუთრებასაც აზიანებს. მოსახლეობა ასევე სათანადოდ ვეღარ იყენებს სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ტყეებს და სოციალური დანიშნულების სივრცეებს (სპორტულ მოედნებს და სხვ.).

ბოლო პერიოდში მოპოვებითი სამუშაოების შედეგად არაერთი სახლი და მიწის ნაკვეთი დაზიანდა. მაგალითისთვის, მხოლოდ 2022 წელს სოფელ ითხვისში მიწის რღვევის გამო 6 სახლი დაინგრა და 20 დაზიანდა. ითხვისში მაღარო წლების წინ დაიხურა, მაგრამ მოქალაქეებისთვის არ არის ცნობილი, ხდებოდა თუ არა მისი სავალდებულო პერიოდული გამაგრება.

ეს პრობლემები არასამთავრობო სექტორისთვის ახალი არ არის. არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, დაეხმარონ ადგილობრივ მცხოვრებლებს როგორც სამართლებრივი კუთხით, ისე პასუხისმგებელ უწყბებებთან კომუნიკაციის გზით, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ეს დახმარება მეტ სოფელზე გავრცელდეს და უფრო სისტემური გახდეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ ზუსტად უნდა იცოდეს, რა უფლებები აქვს მას და როგორ დაიცვას ეს უფლებები. შეხვედრებზე გამოიკვეთა დაზიანებული ქონების ღირებულების შეფასების ერთიანი სტანდარტის შემუშავების საჭიროებაც, რაც ფართომასშტაბიან ადვოკატირებას მოითხოვს.

შეხვედრებში მონაწილე ორგანიზაციებმა, აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა ადგილზევე გაუწიეს კონსულტაციები მოქალაქეებს. შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ ისინი სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდებიან და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით მომავალშიც გააგრძელებენ გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრაზე მუშაობას.

ჭიათურის შეხვედრები USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის და საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურის“ ორგანიზებით ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ: სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, მთის ამბები, დემოკრატიის მცველები, ნაკრესი, საბუკო, CENN-ი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ინდიგო, ჭიათურის ეკოკლუბი, ჭიათურელთა კავშირი, პლატფორმა სალამი, გილდია და გავიგუდეთ.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<