ქალთა ისტორიის თვე საქართველოს რეგიონებში

ქალთა ისტორიის თვე საქართველოს რეგიონებში

მარტში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქალთა ისტორიის თვე აღინიშნება, რაც მიზნად ისახავს ქალთა ისტორიული მიღწევების  წარმოჩენას. EWMI ACCESS-ი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ამ კამპანიას ყოველწლიურად უერთდება.

წელს EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, საქართველოს 10 რეგიონში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა (NCCE) საგანმანათლებლო სემინარები და დისკუსიები გამართა. განსაკუთრებული ყურადღება მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში ქალების ყოფასა და მიღწევებს დაეთმო. ამ მიზნით, NCCE-იმ გამოსცა  წიგნი „ქალები გასული საუკუნიდან (1918-1921)”, რომელიც იმ პერიოდში პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული 17 ქალის შესახებ მოგვითხრობს. წიგნის პრეზენტაცია მისმა ავტორმა, ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძემ გამართა. ამავე თემაზე მომზადდა პოსტერები და წიგნის სანიშნეები. ცალკე საინფორმაციო სემინარი გაიმართა მე-20 საუკუნის დასაწყისში ბრიტანელი ადამიანის უფლებების აქტივისტის, ეთილ სნოუდენის საქართველოში სტუმრობაზე და მის გავლენაზე ქალთა მოძრაობებზე საქართველოში. ასევე გაიმართა დისკუსია, თუ როგორ ყალიბდებოდა ფემინისტური მოძრაობა საქართველოში და მსოფლიოში მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში.

NCCE-იმ შეაგროვა რეგიონებში მცხოვრები ქალების საინტერესო ისტორიები და გამოსცა  ალბომი „ქალების ისტორიები საქართველოს რეგიონებიდან“.

კამპანიის ფარგლებში ქალთა შრომით უფლებებზე და 2020 წლის შრომის კოდექსის რეფორმის შესახებ დისკუსიები 8 რეგიონში გაიმართა. ამავე თემაზე მომზადდა საინფორმაციო ვიდეო ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ასევე გაიმართა დისკუსიები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების და სხვა პრობლემების შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „გამარჯვებულ ქალთა კლუბმა“, „ახალი აზროვნების ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით, მარნეულის სოფ. ხულდარას სათემო ცენტრში ჩაატარა საინფორმაციო სემინარი რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, სკრინინგისა და კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე. ქალებს დაურიგდათ აზერბაიჯანულ ენაზე მომზადებული  საინფორმაციო მასალები საშვილოსნოს ყელის და ძუძუს კიბოს პროფილაქტიკის შესახებ. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მარტის თვეში „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ სოციალური მედიით ავრცელებდა საინტერესო ისტორიებს ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ქალების შესახებ, რომლებიც  საკუთარი შემართებით საქართველოში ძუძუს კიბოს დიაგნოზის ირგვლივ შექმნილ სტიგმას ებრძვიან და თანადგომისა და სოლიდარობის მაგალითებს ქმნიან.

 

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<