20 ოქტომბერს წნორის ცოდნის კაფეს „დადე შენი აგურის“ კამპანიას რესტორანი „ეზო“ შეურთდა. „ეზოს“ მზარეულები და ცოდნის კაფეს მხარდამჭერი ქიზიყელი ხანდაზმულები მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს ქიზიყური კერძებით უმასპინძლდებოდნენ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ქიზიყურად მომზადებული ლობიოში მოხარშული თონის პური, რომლის რეცეპტიც 89 წლის ზიზო მათეშვილმა სოციალურ ქსელში ცოდნის კაფეს მხარდამჭერ ვიდეოში გააზიარა და ყველას მოუწოდა, ცონდის კაფეს აშენებაში საკუთარი აგური დაედო. ვიდეომ დიდი პოპულარობა მოიპოვა (837000-ზე მეტი ნახვა, 1700-ზე მეტი კომენტარი, 7800 გაზიარება). სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ „ეზოში“ ქიზიყური კერძების დღე გამართულიყო და შემოსული თანხა ცოდნის კაფეს ანგარიშზე გადარიცხულიყო.
კერძების გარდა, წნორელი ხანდაზმულები საკუთარი ხელით მომზადებულ ტკბილეულსა და სხვადასხვა აქსესუარსაც ყიდდნენ. იქვე იყიდებოდა 5, 10 და 20-ლარიანი აგურები ცოდნის კაფესთვის, რომლებსაც თითოეული მყიდველის სახელსა და გვარს აწერდნენ. ამ აგურებით აშენდება ცოდნის კაფე და მის კედლებზე ყველა „მაშენებელის“ სახელი და გვარი იქნება აღბეჭდილი.
„ეზოში“ დღის განმავლობაში ცოდნის კაფეს ასაშენებლად 1900 ლარი შეგროვდა.
ცოდნის კაფე არის კულტურული და საგანმანათლებლო სივრცე ქ. წნორში (სიღნაღის მუნიციპალიტეტი). აქ თავს იყრიან ყველა ასაკის ადამიანები, რომლებიც გასცემენ და იღებენ ახალ ცოდნას. სიღნაღში ასეთი ღია და ყველასათვის ხელმისაწვდომი სხვა სოციალური სივრცე არ არსებობს.
ამჟამად ცოდნის კაფე ნაქირავებ შენობაში ფუნქციონირებს. მოქალაქეების დახმარებით ცოდნის კაფეს უკვე საკუთარი მიწა აქვს, თუმცა საჭიროა თანხის შეგროვება შენობის ასაშენებლად.
ცოდნის კაფეს ასაშენებლი კამპანია რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს. EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით ეს კამპანია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. დაიწყო ახალი კამპანია #გააზიარეცოდნები, რომლის ფარგლებშიც რიგითი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები, მოკლე ვიდეოებით მაყურებლებს პრაქტიკულ ცოდნას უზიარებენ და თან მოუწოდებენ ცოდნის კაფეს აშენებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.
Leave a Reply