ონისა და ნამახვანის ჰესების კასკადების სამართლებრივი, გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტების განხილვა ამბროლაურში

ონისა და ნამახვანის ჰესების კასკადების სამართლებრივი, გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტების განხილვა ამბროლაურში

26 სექტემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში გაიმართა ღია შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ამბროლაურის, ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები და თვითმმართველობის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მწვანე ალტერნატივამ“, „საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“  შეხვედრაზე მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, კერძოდ:

1) ნამახვანისა და ონის ჰესების კასკადების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები და ამ პროექტების გავლენა გარემოზე და ადგილობრივ მოსახლეობაზე.

2) მოსახლეობის ინფორმირებულობა და ჩართულობა ჰესების დაგეგმვის პროცესში.

3) რეგიონში ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივები.

2019 წლის იანვრიდან EWMI ACCESS-ი მხარს უჭერდა ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობის პროექტს, რომლის მიზანი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ინტერესების დაცვა იყო. ამ მიზნით, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მოქალაქეებს იურიდიული დახმარება გაუწია და სხვადასხვა საკითხზე ტრენინგები ჩაუტარა. „მწვანე ალტერნატივამ“ მდინარე რიონზე ონის ჰესების კასკადისა და ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტები გამოიკვლია და მათთან დაკავშირებული სამართლებრივი, გარემოსდაცვითი და სოციალური გამოწვევები გააანალიზა.

ნამახვანისა და ონის ჰესების კასკადების პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად არაერთი პროცედურული შეუსაბამობა და სხვა სახის პრობლემა გამოვლინდა. მაგალითისთვის, სახელმწიფოს გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემის პროცედურა არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას არ შეესაბამება (განსაკუთრებით, საზოგადოების მონაწილეობის თვალსაზრისით), არამედ, შეუსაბამობაშია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებთან. სოფელ წესში შეხვედრა სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა.

ამბროლაურის შემდეგ რაჭის ჰესებთან დაკავშირებული კვლევის პრეზენტაცია 30 სექტემბერს თბილისშიც გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ. კვლევის ანგარიში იხილეთ აქ.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<