EWMI ACCESS-ის და ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს პარტნიორი ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრა

EWMI ACCESS-ის და ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს პარტნიორი ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრა

13 ივნისს, EWMI ACCESS-ის და ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს ინიციატივით გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც იკვლევენ ანტიდასავლური დეზინფორმაციის გავრცელებას და ანტილიბერალური ჯგუფების საქმიანობას, და ამ კუთხით  მოსახლეობის ინფორმირებას ახდენენ. შეხვედრის მიზანი იყო ამ სფეროში მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივების კოორდინირება.

შეხვედრა დაიწყო საქართველოში NDI-ის მისიის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის პრეზენტაციით, რომელმაც წარადგინა NDI-ის მიერ ჩატარებული ბოლოდროინდელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიმართებაში. ამის შემდეგ დამსწრე ორგანიზაციებმა თავიანთი პროექტები წარადგინეს. პრეზენტაციები ხუთ თემატურ ჯგუფად იყო დაყოფილი:  ანტიდასავლური პროპაგანდის კვლევა, ნაციონალისტური მოძრაობების კვლევა, ევროპული ნარატივის კვლევა,  კომუნიკაციური/კამპანიური პროექტები, და ჟურნალისტური გამოძიების და ონლაინ მედიაპროექტები. შეხვედრის დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და გზებზე იმსჯელეს.

EWMI ACCESS-ის და ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს ინიციატივით საკოორდინაციო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. შემოდგომაზე ასევე ჩატარდება მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები (სამოქალაქო აქტივისტები, შემოქმედებითი ჯგუფები,  ჟურნალისტები, კომუნიკაციის სპეციალისტები და სხვ.) მიმდინარე ანტიპროპაგანდისტული პროექტების ეფექტიანობას შეაფასებენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ შემდეგი ორგანიზაციები: მედიის განვითარების ფონდი, CRRC – საქართველო, ლიბერალური აკადემია – თბილისი, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, ნოვა სოსიეტასი, ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის, საქართველოს ევროპული პერსპექტივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველო, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება iFact,  ჟურნალი ინდიგო, ნეტგაზეთი.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<