საჯარო პოლიტიკის კვლევისა და მონიტორინგის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები

საჯარო პოლიტიკის კვლევისა და მონიტორინგის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები

31 იანვარს დასრულდა EWMI ACCESS-ის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და მონიტორინგის საგრანტო კონკურსი, რომლის მიზანი იყო ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გაქარწყლება და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის გაზრდა. კონკურსის ფარგლებში 44 საპროექტო განაცხადი შემოვიდა. საგრანტო კომისიამ ყველა საპროექტო განაცხადი განიხილა და დასაფინანსებლად ორი კოალიციური პროექტი შეარჩია, ესენია:

  • კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი-საქართველო (CRRC-საქართველო) და ონლაინ მედია „ნეტგაზეთის“ ერთობლივი პროექტი. პროექტის ფარგლებში „CRRC-საქართველო“  შეისწავლის ქართულ სოციალურ მედიაში გავრცელებული ანტიდასავლური ნარატივებისა და პროპაგანდის გავლენას ინტერნეტმომხამრებლებზე. კერძოდ, სხვადასხვა ქართულენოვანი ონლაინგამოცემიდან,  ფეისბუქის გვერდიდან და ჯგუფიდან „CRRC-საქართველო“ ყოველდღიურად შეაგროვებს მონაცემებს (ტექსტებს, კომენტარებს, ფეისბუქის პოსტებს), რომლის ანალიზის შემდეგ გამოავლენს იმ ძირითად საკითხებს, აქცენტებსა და სენტიმენტებს, რასაც ანტიდასავლური ჯგუფები ყველაზე აქტიურად ავრცელებენ. ასევე გაანალიზდება  ინეტრენტმომხმარებლების რეაქციები ამ საკითხებზე. „CRRC-საქართველო“ მომაზადებს  ყოველდღიურ და ყოველკვირეულ ანგარიშებს ძირითად მიმართულებებზე და ტენდენციებზე, შექმნის დინამიკურ ვიზუალურ მასალას, ასევე მოამზადებს ყოველთვიურ fact-check სტატიებს იმ დეზინფორმაციაზე, რასაც ყველაზე მეტი ყურადღება დაეთმო მიმდინარე თვეში. სოციალური მედიის მონიტორინგის და საზოგადოებრივი აზრის კვლევების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე „CRRC-საქართველო“ გამოავლენს იმ სამიზნე აუდიტორიებს, რომლებიც ყველაზე მეტად ექცევიან ანტიდასავლური პროპაგანდის გავლენის ქვეშ. „CRRC-საქართველო“ ასევე შეიმუშავებს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ აუდიტორიებთან მუშაობა. მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთი“ სხვადასხვა სახის ჟურნალისტურ მასალას მოამზადებს (ანალიტიკური სტატიები, ინფოგრაფიკები, ადამიანური ისტორიები, ონლაინ ქვიზები და ა.შ.).
  • საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი (StratCom), გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „iFact“-თან და ჟურნალ „ინდიგოსთან“ პარტნიორიბით, უზრუნველყოფს მოქალაქეთა უშუალო ჩართულობას ანტიდასავლური დეზინფორმაციის გაქარწყლების პროცესში და ინტერნეტსივცრეში პროდასავლურ სტრატეგიულ ნარატივებს გაავრცელებს. სპეციალური ვებპლატფორმისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით, “StratCom”-ი მოახდენს ათასობით აქტიური ფეისბუქმომხმარებლის მობილიზაციას, რომლებსაც საშუალება ექნებათ ჩაერთონ ამ ინიციატივაში და თავად გაავრცელონ პროდასავლური ტექსტები და მესიჯები ანტიდასავლური დეზინფორმაციის გასაქარწყლებლად. პოზიტიური ნარატივების, სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული მესიჯების, საკომუნიკაციო თემების და ეფექტური ვიზუალური მასალის მოსამზადებლად “StratCom”-ში სპეციალური ანალიტიკური ჯგუფი იმუშავებს. ამავდროულად, ჟურნალი „ინდიგო“ შეისწავლის და გაავრცელებს კონკრეტულ ამბებს და ფაქტებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიული არჩევანის შესახებ, ხოლო ჟურნალისტთა გაერთიანება „iFact“-ი  ჩაატარებს ჟურნალისტურ გამოძიებას, რათა გამოავლინოს ანტიდასავლური ჯგუფების კავშირები და დაფინანსების წყაროები.

პროექტები აპრილში დაიწყება.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<