აგვისტოში, არასამთავრობო ორგანიზაციამ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, აჭარის რეგიონში დაიწყო დისკუსიების ციკლი “საუბრები ევროპაზე”, რომლის მიზანია ევროპულ ღირებულებებზე მოსახლეობის ინფორმირება და საქართველოს საბჭოთა წარსულისა და მისი კვალის გაანალიზება. შეხვედრებზე ასევე საუბრობენ ქვეყანაში ფართოდ გავრცელებულ ანტიდასავლურ დეზინფორმაციაზე და მისი ამოცნობის ხერხებზე.
შეხვედრების ციკლი დაიწყო დისკუსიით თემაზე „ქართული ლიტერატურა საბჭოთა კავშირამდე და შემდეგ“, სადაც მოწვეულმა სპიკერმა, მწერალმა დავით გაბუნიამ, ილაპარაკა, თუ რა გავლენა იქონია საბჭოთა ცენზურამ ქართულ ლიტერატურაზე, თუ როგორ იცავდა ქართული ლიტერატურა ევროპულ ღირებულებებს საბჭოთა კავშირამდე და საბჭოთა პერიოდშიც კი და სხვ. მეორე დისკუსია, რომელსაც იურისტი და ფსიქოლოგი ანა არგანაშვილი უძღვებოდა, დაეთმო ქალების უფლებების დაცვის საკითხებს საბჭოთა კავშირში, თანამედროვე ევროპასა და საქართველოში. აგვისტოში ჩატარებულ მესამე შეხვედრაზე კი ბლოგერმა გიორგი კიკონიშვილმა ისაუბრა ჰომოფობიაზე, როგორც პოლიტიკურ იარაღზე. კერძოდ, როგორ იყენებენ საქართველოში (და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში) ჰომოფობიურ მესიჯებს ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად და დასავლეთის მტრის ხატის შესაქმნელად.
ასეთი დისკუსიები მომავალ თვეებშიც გაგრძელდება და მოიცავს მთელ აჭარას. შეხვედრებს გაუძღვებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები (მწერლები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნლები). უფრო ფართო აუდიტორიის მოსაზიდად, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ვიზუალურ მასალებსაც გამოიყენებს, როგორიცაა საინფორმაციო ბროშურები, ვიდეოები, პოსტერები, ესეების კონკურსი, კედლების მოხატვა და სხვ.
Leave a Reply