საქართველოს მთავრობამ EWMI ACCESS-ის რეკომენდაციები ანტიდასავლური დეზინფორმაციის შესახებ ერთიან სტრატეგიულ დოკუმენტში ასახა

საქართველოს მთავრობამ EWMI ACCESS-ის რეკომენდაციები ანტიდასავლური დეზინფორმაციის შესახებ ერთიან სტრატეგიულ დოკუმენტში ასახა

13 აპრილს, საქართველოს მთავრობამ მიიღო 2017-2020 წლებისთვის ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ სტრატეგია, რომელიც ასახავს EWMI ACCESS-ის და მისი პარტნიორი ორგანიზაციის – მედიის განვითარების ფონდის (MDF) რეკომენდაციებს ანტიდასავლური პროპაგანდის საპასუხოდ სახელმწიფო მიდგომების შესახებ. აღნიშნულმა დოკუმენტმა შეცვალა  წინა 2014-2017 წლების საქართველოს მთავრობის სტრატეგია ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

ახალი სტრატეგიის მიზანია „ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისადმი საქართველოს მოსახლეობის მაღალი და გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა“. წინა სტრატეგიული დოკუმენტისგან განსხვავებით, ახალი სტრატეგია ნათლად აღიარებს ევროატლანტიკური სტრუქტურების და ზოგადად დასავლეთის წინააღმდეგ რუსულ პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ კამპანიას, როგორც პრობლემას, და მის საპასუხოდ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის ვალდებულებას იღებს.

ბოლო წლებში პრორუსული პოლიტიკური პარტიები, ახლად დაფუძნებული საეჭვო დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები და ზოგიერთი მედიასაშუალება საქართველოს მოსახლეობას ინტენსიურად „კვებავს“ დეზინფორმაციითა და ტყუილით იმ საფრთხეების შესახებ, რაც თითქოსდა საქართველოს აშშ-დან, ევროპიდან, და ზოგადად „დასავლეთიდან“ ემუქრება (მაგ: ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაკარგვა, ეკონომიკური საფრთხეები, უსაფრთხოების პრობლემები და ა.შ.).
ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, 2015 წლიდან EWMI ACCESS-ი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანზიაციას – მედიის განვითარების ფონდი (MDF), რომელიც აქტიურად მუშაობს ანტიდასავლური მითების გასაქარწყლებლად („მითების დეტექტორის“ სერიის სტატიები, ტელეგადაცემები და ტრენინგები) და ასევე ეხმარება მთავრობას, რომ კომუნიკაციის სტრატეგია არსებულ საჭიროებებს და გამოწვევებს იყოს მორგებული. მედიის განვითარების ფონდმა ჩაატარა 2014-2017 წლების ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის და მისი წლიური სამოქმედო გეგმების შეფასება, და გარკვეული ნაკლოვანებები აღმოაჩინა როგორც სტრატეგიის შედგენის, ასევე მისი განხორციელების პროცესში. მისი დასკვნით, მთავრობის ფოკუსი მხოლოდ მოსახლეობის ინფორმირებაზე, თუ რა სარგებელი მოაქვს ევროინტეგრაციას და რა რეფრომები ტარდება ამ კუთხით ქვეყანაში, არ იყო საკმარისი ბოლო პერიოდში გააქტიურებული მრავალწახნაგოვანი რუსული საინფორმაციო ომის გამოწვევებზე საპასუხოდ. მკვლევრებმა ასევე გააკრიტიკეს ფრაგმენტული და ერთმანეთთან დაუკავშირებელი ერთჯერადი აქტივობები, რასაც სამინისტროები ახორციელებდნენ და რაც არ იყო ერთიანი სტრატეგიის ნაწილი. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მედიის განვითარების ფონდი და EWMI ACCESS-ი მთავრობას მოუწოდებდნენ რუსული პროპაგანდის მიმართ სისტემური და ერთიანი მიდგომა ჰქონოდა, კერძოდ: შეექმნა ერთიანი სამოქმედო სტრატეგია, მოეხდინა ძირითადი მესიჯების კოორდინირება მმართველობის ყველა დონეზე, შეემუშავებინა როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს საკითხებზე კომუნაკაციის ერთიანი სტრატეგია, მოეხდინა აქტიური რეაგირება  გავრცელებულ დეზინფორმაციასა და ტყუილებზე საზოგადოებრივი აზრის კვლევების საფუძველზე გამოვლენილი საინფრომაციო ამოცანების საპასუხოდ და შესაბამისი საკომუნიკაციო არხების საშუალებით.

2016 წლის მაისში მედიის განვითრების ფონდმა აღნიშნული კვლევა მთავრობის წარმომადგენლებს წარუდგინა. მას შემდეგ EWMI ACCESS-თან ერთად აქტიურად ეწეოდა ადვოკატირებას ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციების გატარებისთვის. ამ მიზნით, მედიის განვითრების ფონდი და EWMI ACCESS-ი სხვადასხვა პლატფორმებს იყენებდნენ, მათ შორის იყვნენ ადგილობრივი ორგანიზაციებისა და უცხოელი ექსპერტებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის წევრები, რომლის ფარგლებში მომზადდა რეკომენდაციები მთავრობის 2017-2020 წლების სტრატეგიისთვის.

EWMI ACCESS-ის და მედიის განვითარების ფონდის, ასევე ექსპერტების და სამუშაო ჯგუფის სხვა წევრების დამსახურებით, 2017-2020 წლებისთვის ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ მთავრობის სტრატეგიის ერთ-ერთ ამოცანად განისაზღვრა „მოსახლეობაზე ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის პრევენცია და შემცირება“.  გარდა ამისა, სტრატეგიის თანახმად, მთავრობა გამოიყენებს კონსოლიდირებულ მიდგომას ანტიდასავლური პროპაგანდის  საპასუხოდ, ხოლო სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირება და პრიორიტეტულობის განსაზღვრა, ასევე ძირითადი არასწორი აღქმისა და საზოგადოებაში არსებული ინფორმაციის ნაკლებობის გაანალიზება მოხდება ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ყოველწლიური საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგების მიხედვით.

EWMI ACCESS-ის და MDF-ის, ასევე სამუშაო ჯგუფის სხვა წევრების რეკომენდაციით, შეიცვალა ახალი სტრატეგიის სამოქმედო გეგმის სტრუქტურა. EWMI ACCESS-ი გამართავს სპეციალურ ფორუმ-დისკუსიას არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, სადაც მოხდება სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხილვა და არასამთავრობო სქტორის შენიშვნების/მოსაზრებების შეჯამება.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<