დისკუსია: ანტიდასავლური დეზინფორმაცია მედიაში: შესაძლო რეგულირების გზები

დისკუსია: ანტიდასავლური დეზინფორმაცია მედიაში: შესაძლო რეგულირების გზები

2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ინტერვენციის შემდეგ, საქართველოში, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებში, გააქტიურდა ანტიდასავლური პროპაგანდა. მედიის განვითარების ფონდის (MDF) კვლევის თანახმად, ანტიდასავლური დეზინფორმაციული კამპანია იწარმოება სხვადასხვა შიდა და გარე წყაროს მიერ, რომლებიც ძირითადად იყენებენ რუსულ და ქართულ სატელევიზიო არხებს, ისევე როგორც ონლაინ და ბეჭდურ მედიას. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ქართულენოვანი მედიის ნაწილი: MDF-ის მიერ ჩატარებული ქართული მედიის შინაარსის მონიტორინგი აჩვენებს, რომ რამდენიმე ქართული მედიასაშუალება ხშირად ეწევა ისეთ ანტიდასავლურ პროპაგანდას, რომლის წყაროებიც პირდაპირ დაკავშირებულია რუსეთთან, ან იყენებს ეთნონაციონალისტურ რიტორიკას, რომელიც ძალიან ახლოსაა რუსულ ნარატივთან.

forum-3ამ პრობლემებზე სასაუბროდ და მედიაში ანტიდასავლური დეზინფორმაციის და სიძულვილის ენის გავრცელების საპასუხო მექანიზმების განსახილველად 21 დეკემბერს შეიკრიბნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. შეხვედრა-დისკუსია EWMI ACCESS-ის ორგანიზებით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით გამართა.

დისკუსია შემდეგ საკითებს დაეთმო: როგორ გავუმკლავდეთ მოზღვავებულ დეზინფორმაციას, რაც  როგორც ტრადიციული, ასევე  სოციალური მედიით ვრცელდება? უნდა შემოიღოს თუ არა ხელისუფლებამ ახალი რეგულაციები, რომლის სამიზნე იქნება საფრთხის შემცველი პროპაგანდით დაკავებული რუსული თუ ქართული მედია? და თუ უნდა შემოიღოს, რა სახის რეგულაციებს შეუძლია ამ პრობლემის შემსუბუქება ისე, რომ არ გამოიწვიოს უარყოფითი გვერდითი ეფექტები საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ეუთო-ს მიმართ ვალდებულებების მხრივ? რა როლი უნდა ეკისრებოდეთ მარეგულირებელ და თვითრეგულირების ორგანოებს?

გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში ანტიდასავლური დეზინფორმაციის და სიძულვილი ენის გავრცელების კუთხით ქართული მედიასაშუალებები მეტად გავლენიანია, ვიდრე რუსული. მათი აზრით, რუსული არხების შეზღუდვა დეზინფორმაციის გავრცელების შემცირების მიზნით ნაკლებ ეფექტს მოიტანს. პირიქით, თუკი მოხდება ამ არხების შეზღუდვა, გაიზრდება სატელიტური თეფშების მოხმარება (როგორც ეს მოხდა 2008 წლის შემდეგ, როდესაც აიკრძალა რუსული არხები), რის შედეგადაც საკაბელო ოპერატორები დაკარგავენ აბონენტებს, და ამავდროულად დაიკარგება კონტროლი ინფორმაციის მოხმარებაზე. მით უმეტეს, როდესაც რუსული არხები ძირითადად გასართობი პროგრამების გამო არის პოპულარული საქართველოში.

forum-7დამსწრეები შეთანხმდნენ, რომ რთულია ტერმინის „პროპაგანდა“ დეტალურად განსაზღვრა (მისი ყველა გამოვლინებით) – მრავალი პლატფორმა არსებობს, რომლის საშუალებითაც შენიღბულად შიეძლება პროპაგანდისტული მესიჯების გავრცელება. შესაბამისად, რთულია ერთი ხერხის მოფიქრება პროპაგანდის თავიდან ასარიდებლად. ამ მიზეზით, მონაწილეების აზრით, უპრიანია გაძლიერდეს მაუწყებლების თვითრეგულირების მექანიზმები და ნაკლებად მოხდეს გარედან ჩარევა, რომ არ შეიზღუდოს მედია პლურალიზმი და გამოხატვის თავისუფლება. არსებული სიტუაციიდან გამოსავალი მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე მედიასაშუალებების გაძლიერებაა სახელმწიფოს მხრიდან. ასევე, აუცილებელია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მეტი ინფრომაციის მიწოდება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

დამატებით, მონაწილეების აზრით, პრობლემურია მაუწყებლობის შესახებ კანონის შესრულება: კანონის მიხედვით დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს მაუწყებლის თვითრეგულების ორგანოს, თუკი მის ინტერესებს რეალური საფრთხე ექმნება. თუმცა, კანონში მკაფიოდ არ არის განსაზღვრული დაინტერესებული პირის ცნება. ამიტომ, დამსწრეების რეკომენდაციით, უნდა გაფართოვდეს დაინტერესებული პირის ცნება და მოიცვას ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა.

მედიის განვითარების ფონდის მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ზოგი სამთავრობო უწყება, რეკლამის და ინფორმაციის განთავსების მიზნით თანამშრომლობენ იმ მედიასაშუალებებთანაც, რომლებიც ღიად ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევიან და სიძულვილის ენას აღვივებენ (მონიტორინგის ანგარიში იხილეთ ბმულზე http://mediameter.ge/ge/research/reklamis-da-inpormaciis-gavrcelebis-miznit-mediashi-sabiujeto-resursebis-ganacilebis). იქვე ითქვა, რომ  შესაძლოა ეს მიზანმიმართულად არ ხდება და სამთავრობო უწყებებს არ აქვთ წინასწარი ინფორმაცია ამა თუ იმ მედიასაშუალების შესახებ. ამიტომაც, ასეთი შემთხვევების აღმოსაფრხვრელად საჭიროა არსებობდეს შიდა რეგულაციები, რომლის მხიედვით წინასწარ მოხდება პროპაგანდისა და სიძულვილის ენის გამოყენების კუთხით  მედიასაშუალებების შეფასება და ამის შემდეგ გაფორმდება ხელშეკრულებები. ასეთია ECRI-ს რეკომენდაციაც. მართალია, ასეთ მედიასაშუალებებს არსებობის უფლება აქვთ, მაგრამ არ უნდა ხდებოდეს მათი ფინანსური გაძლიერების ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენლებმა წარადგინეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვით უნდა მოხდეს ისეთი პროგრამებისა და რეკლამების  რეგულირება, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური მოწყობის დარღვევის თვალსაზრისით შეიცავენ საფრთხეს. კანონპროექტის განხილვა ამაჟამად მიმდინარეობს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საბოლოო ვერსია მალე განხილულ იქნება პარლამენტის წევრებთან და მთავრობასთან. მათი აზრით, ამ პაკეტის მიღებით სახელმწიფო გააკეთებს მკაფიო განაცხადს, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდას აღიქვამს საფრთხედ და მის შესამცირებლად შესაბამისი ბერკეტები აქვს.

ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღდმეგ ბრძოლა EWMI ACCESS-ის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით ACCESS-ი მჭიდროდ თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან და ამ მიმართულებით გასცემს გრანტებს, აწყობს დისკუსიებს და საინფორმაციო შეხვედრებს რეგიონებში. ACCESS-ი დისკუსიაზე გამოთქმულ რეკომენდაციებს გადასცემს შესაბამის სამთავრობო უწყებებს და დამსწრე ორგანიზაციებთან ერთად უზრუნველყოფს შემდგომ მონიტორინგს. forum-1 forum-2 forum-4 forum-5 forum-6 forum-8 forum-9 forum-10

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<