ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა

ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა

საქართველოს რეგიონების მოსახლეობა, თბილისთან შედარებით, ნაკლებად ემხრობა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანებას, ვინაიდან ისინი არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას ამ პროცესების დადებითი მხარეების შესახებ. ეს ტენდეცნია აშკარად იკვეთება ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებშიც.

ამის ნათელი მაგალითია პანკისის ხეობა. ხეობაში, რომელიც ძირითადად ეთნიკური უმცირესობებით არის დასახლებული (ქისტები, ჩეჩნები), საკმაოდ  მაღალია უმუშევრობის დონე და ეკონომიკური სიდუხჭირე; ადგილბრივი  მოსახლეობა ნაკლებად ინტეგრირებულია ქართულ საზოგადოებაში და ნაკლებადაა ინფორმირებული იმ სარგებლის შესახებ, რასაც საქართველო დასავლური ინსტიტუტებისგან იღებს. ეკონომიკურმა, სოციალურმა და რელიგიურმა მარგინალიზაციამ ხელი შეუწყო პანკისელი ახალგაზრდების რელიგიურ რადიკალიზაციას – ბოლო წლებში რამდენიმე ათეული პანკისის მკვიდრი შეუერთდა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს სირიაში. პანკისის რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი მჭირდო ინტეგრაცია აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ევროატლანტიკურ ინსტიტუტრებში ინტეგრაციისთვის.

არსებული საინფორმაციო ვაკუუმის შესავსებად არასამთავრობო ორგანიზაციამ – “საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი” EWMI ACCESS-ის დაფინანსებით მცირე პროექტი განახორციელა. პროექტის მიზანი იყო კახეთის მოსახლეობის (მათ შორის პანკისის ხეობის) ინფორმირება ევროკავშირისა და ნატოს შესახებ და ახალგაზრდების ჩართვა სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივაში. პროექტის ფარგლებში 10 პანკისელი Ministry of Defenseახალგაზრდა სასწავლო ტურით თბილისს ეწვია, სადაც შეხვდა მთავრობის მაღალჩინოსნებს (მათ შორის მინისტრებს) და საკუთარი რეგიონის პრობლემებზე ისაუბრა.

შეხვედრების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილეები, ასევე ევროპულ და ევროატკანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და სხვა მაღალჩნოსნები პანკისის ხეობას ეწვივნენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია საუბრები გამართეს. შეხვედრებზე ხეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები განიხილეს. მოსახლეობამ ასევე ქართულ ჯარში მსახურობის სურვილი გამოთქვა, თუმცა მათ აბრკოლებთ ის ფაქტი, რომ მუსლიმ ჯარისკაცებს საჯარისო დანაყოფებში ლოცვისთვის და რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნისთვის შესაბამისი პირობები არ აქვთ. თავდაცვის მინისტრი პანკისელებს ამ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

შეხვედრის შემდეგ, პანკისელი მოსახლეობის ქართულ ჯარში მოზიდვის მიზნით, თავდაცვის სამინისტრომ პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა – საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის მსურველთა რეგისტრაციის ვადა ორი კვირით გააგრძელა მხოლოდ პანკისის მოსახლეობისთვის. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები პირადად ჩავიდნენ სოფელ დუისში და ყველა დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის პროცესში დაეხმარნენ. სულ 33-მა პირმა გაიარა რეგისტრაცია. შერჩევის პროცედურების წარმატებით დასრულების შემდეგ უკვე დარეგისტრირებული ახალგაზრდები საწყისი საბრძოლო მომზადების 10-კვირიან კურსზე ჩაირიცხნენ, რის შემდეგაც  საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფებში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს დაიწყებენ.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების  უზრუნველსაყოფად 2016 წლის თებერვალში თავდაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყველა საჯარისო დანაყოფი რელიგიური უმცირესობებისთვის რელიგიური რიტუალების შესასრულებლად სპეციალურ სივრცეს გამოყოფს. ამის შემდეგ სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეით ბრიგადაში მუსლიმი ჯარისკაცებითვის სამლოცველო გაიხსნა. სამლოცველოს გახსნის ცერემონიაზე თავდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა: „საქართველო არის ქვეყანა, სადაც აღმსარებლობის თავისუფლება უზრუნველყოფილია … დემოკრატიული ხელისუფლება ნიშნავს სწორედ იმას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ყველას აქვს შესაძლებლობა ემსახუროს საკუთარ ქვეყანას, მაგრამ ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს რელიგიის თავისუფლებით. ჩვენ ეს ინიციატივა გავახმოვანეთ პანკისში ყოფნის დროს და რეალობაში დავიწყეთ მისი საქმით გადაქცევა. “

ასეთი ინიციატივები ხელს უწყობს მარგინალური ჯგუფების სოციალურ ინტეგრაციას და ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას.  EWMI ACCESS-ი ამაყობს, რომ მისი მხარდაჭერით განხროციელებულმა მცირე პროექტმა ასეთი მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<