ლიდერთა განვითარების აკადემია

18-22 იანვარს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი – ალან ტრეგერი თბილისში გაუძღვებიან ხუთდღიან ინტენსიურ სასწავლო კურსს თემაზე „საჯარო პოლიტიკის როლი კერძო სექტორის განვითარებაში“. აღნიშნული სასწავლო კურსი თბილისში ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” ორგანიზებით ტარდება.

კურსს აფინანსებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი, და დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI). კურსში მონაწილეობას იღებს 25 ლიდერი საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორიდან (მათ შორის 15 საქართველოდან და 10 სხვა განვითარებადი ქვეყნიდან). პროგრამის ფარგლებში მონაწილეები დაეუფლებიან იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც საჭიროა სხვადასხვა ინსტიტუტის ეფექტიანობის ასამაღლებლად, საჯარო სექტორში რეფორმების გასატარებლად, ბიზნეს და საჯარო სექტორს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად.

სასწავლო კურსი ტარდება ლიდერთა განვითარების აკადემიის (LAD) ფარგლებში. LAD არის ინტენსიური ტრენინგ პროგრამა საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენელთათვის, რომლის მიზანია კერძო სექტორის როლის გაძლიერება ეკონომიკური ზრდის და განვითარების პროცესში. ლიდერთა განვითარების აკადემიის დამფუძნებლები არიან სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრი (CDDRL) და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სწავლების სკოლა (SAIS).

Write a Comment

<