„ვერცხლისფერთმიანების“ ამბები: ფოტოკონკურსი, რომელმაც თაობები დააკავშირა

„ვერცხლისფერთმიანების“ ამბები: ფოტოკონკურსი, რომელმაც თაობები დააკავშირა

ფერი ისმაილოვა ამბობს, რომ დედამისი უნივერსიტეტში სწავლაზე ოცნებობდა. „ის ლაგოდეხში იზრდებოდა, ეთნიკურად აზერბაიჯანელების ოჯახში. დედაჩემის მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ის ახალგაზრდა გაეთხოვებინათ. მალე მე გავჩნდი და ამიტომ უმაღლესი განათლების შესაძლებლობა აღარ ჰქონია.“

ფერი  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ის იყო ერთ-ერთი ფინალისტი ფოტოკონკურსისა, რომელიც 13-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს მოუწოდებდა რომელიმე „ვერცხლისფერთმიანის“ (55+ წლის ადამიანის) შესახებ ამბავი მოეყოლა და გაეზიარებინათ მისი „მცირე ან დიდი მიღწევები, შთამაგონებელი ყოველდღიურობა, მათი ფიქრები დაბერებაზე, ან მათი ისტორიები შეუპოვრობაზე.” კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივამ“ ჩაატარა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდებმა 64 ფოტოამბავი გამოაგზავნეს. მათ შემდეგ შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ ფოტოგრაფიისა და ციფრული თხრობის მასტერკლასებში და აქ მიღებული ცოდნა ფოტოამბების დასახვეწად გამოეყენებინათ.

კონკურსის ბოლოს, 2023 წლის 30 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია. გამოიფინა 11 საუკეთესო ფოტოამბავი.  პრიზებს შორის იყო ტექნიკის მაღაზია „ზუმერის“ ვაუჩერები და მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა ჩეხეთსა და ესპანეთში, რომელსაც გამარჯვებულებს მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი (ICPI) სთავაზობდა.

ფერი ისმაილოვას დედა

ფერიმ „ვერცხლისფერთმიანების“ გამოფენაზე გაგვიზიარა, თუ როგორ სთხოვა დედამისს ამბის გაზიარება. „მისი ისტორიების ჩაწერა ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. დედა მიყვებოდა, თუ რა სირთულეებს აწყდებოდა, როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მარტოხელა დედა, როგორ მზრდიდა და თან ოცნებობდა განათლების მიღებაზე. მიუხედავად ამდენი სირთულისა, მაინც მოახერხა და შვილი უნივერსიტეტში გააგზავნა. ამ ამბის გაზიარებით მეც დავაფასე, თუ რამდენის გაკეთება შეძლო დედამ და თავადაც გაიაზრა, თუ რამდენს მიაღწია.“

„სამოქალაქო ინიციატივის“ ხელმძღვანელი ნანა ბაგალიშვილი ამბობს, რომ ამ კონკურსით სურდა ახალგაზრდებს უფროსი თაობის ადამიანების ამბები მოესმინათ, ჩაეწერათ და სხვებისათვის გაეზიარებინათ. „უფროსი თაობის ხალხს ნახევარ საუკუნეზე მეტის გამოცდილება აქვთ დაგროვილი და ძალიან ბევრი აქვთ მოსაყოლი. ვიცით, რომ ამ ასაკის ადამიანებს იოლი ცხოვრება არ ჰქონიათ. თუმცა, ამ პროექტის არსი იყო შთამაგონებელი და გამამხნევებელი ამბების გაზიარება, რომლებიც ახალგაზრდა თაობაზე მოახდენდა გავლენას.“

„ჩვენ არ გვითხოვია, რომ ყველაზე განსაკუთრებული და გამორჩეული ხალხი მოეძიებინათ“ – გვითხრა ნანა ბაგალიშვილმა. „იდეა იყო, რომ ჩვეულებრივი ადამიანების ამბები მოეყოლათ. ისინი, ერთი შეხედვით, შეიძლება განსაკუთრებულად არ მოგეჩვენოს, მაგრამ თუ მოუსმენ, აღმოაჩენ, რომ ყოველ მათგანს უნიკალური ამბავი აქვთ მოსაყოლი. მათგან ბევრი რამის სწავლა არის შესაძლებელი.“

ალექსი დოდაშვილი („ალი ბაბა”)

ნანას აზრს იზიარებს კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე, მარიამ ნინოშვილიც. მისი ამბავი შეეხებოდა არა ოჯახის წევრს, არამედ ადამიანს, რომელსაც მის სოფელში ყველა იცნობს – კაცს, რომელსაც ძალიან უყვარს თევზაობა. ალექსი დოდიაშვილს თანასოფლელებმა სიყვარულით „ალი ბაბა“ შეარქვეს. ის საკუთარ თავს „უბრალო ცხოვრებით მცხოვრებ უბრალო კაცს“ უწოდებს. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოხუცებული ამბობს, რომ ცხოვრებაში სიმარტივეს აფასებს, „ბუნებით ტკბება“ და უყვარს „მტრედებისთვის საკენკის დაყრა.“

მარიამისთვის კი ალექსი იმის მაგალითია, თუ როგორი ლამაზი შეიძლება იყოს სიმარტივე. „ალექსის ყოველთვის ვხედავდი, როდესაც სოფელში ჩავდიოდი ხოლმე.  მუდამ ხიდზე იდგა, თავის საყვარელ ადგილას და წყალში ანკესი ჰქონდა გადაგდებული. იქ იყო ნებისმიერ ამინდში და წელიწადის ყველა დროს. თითქოს ლანდშაფტის განუყოფელ ნაწილად იქცა. ჩემთვის ალექსი სოფელში ცხოვრების და ბუნებასთან კავშირის სილამაზის განსხეულება იყო.“

მარიამ ნინაშვილი და ალექსი დოიაშვილი („ალი ბაბა”)

ნანა ბაგალიშვილი ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია სწორედ ასეთ ამბებს ეძებს და ცდილობს საქართველოს თაობებს შორის მყარი კავშირი გააბას. ამ მიზნით გახსნეს „ცოდნის კაფე“ –  მულტიფუნქციური, ინტერაქტიური საგანმანათლებლო სივრცე სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სადაც სტუდენტებსაც და ხანდაზმულებსაც შეუძლიათ იურთიერთონ და ერთად ისწავლონ. ნანა იმედოვნებს, რომ ხანდაზმულებზე ორიენტირებული პროგრამები საქართველოს სხვა კუთხეებშიც განხორციელდება.

„საქართველოს ხანდაზმულ მოსახლეობას ძალიან აკლია სოციალური სივრცეები. არც ახალგაზრდებს აქვთ შეკრების ბევრი ადგილი. ჩვენი ფოტოკონკურსით ვცადეთ, რომ ამ ჯგუფებს შორის ურთიერთობა ჩამოგვეყალიბებინა. გვინდა რომ შევქმნათ სწავლების უწყვეტი კულტურა, სადაც უფროსი თაობის წარმომადგენლებს შეეძლებათ განათლება მიიღონ, თავიანთი ცოდნა ახალგაზრდებს გადასცენ და თავადაც ისწავლონ მათგან.“

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<