ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შვიდი თვის გამოცდილების შეჯამება

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შვიდი თვის გამოცდილების შეჯამება

9 ნოემბერს, EWMI ACCESS-ის ორგანიზებით, გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა სამთავრობო უწყებებსა და არასამთავრობო სექტორს შორის, რომლის მიზანი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შვიდი თვის გამოცდილების შეჯამება, მიმდინარე გამოწვევების განხილვა და ამ გამოწვევების დაძლევის გზებზე შეთანხმება იყო.

სამთავრობო სტრუქტურების, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების თანახმად, 2017 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით საქართველოს 160000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგლება. შენგენის ზონაში შესვლაზე უარი ეთქვა 400-მდე მოქალაქეს. 90 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოში არ დაბრუნდა 10000–მდე მოქალაქე. ამ რიცხვში შედიან ისინიც, ვისაც:

  1. ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრების უფლება (ე.წ. residence permit) ან ორმაგი მოქალაქეობა აქვთ;
  2. ევროკავშირის ქვეყანაში უვიზოდ ჩასვლის შემდეგ მოიპოვეს ამ ქვეყანაში უფრო მეტი ხნით დარჩენის უფლება (მაგ. სტუდენტები, თავშესაფრის მაძიებლები);
  3. ევროკავშირის ქვეყნებიდან გადავიდნენ მესამე ქვეყანაში (მაგ. უკრაინაში, ბელორუსში) და საქართველოში არ დაბრუნებულან ამ ქვეყნებიდან.

შესაბამისად, იმ პირთა რიცხვი, ვინც სავიზო რეჟიმი რეალურად დაარღვია 10000–ზე ნაკლებია და საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არ ემუქრება.

უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში უკანონო მიგრაციის ან/და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევები მკვეთრად არ გაზრდილა. ამას ხელი შეუწყო როგორც საინფორმაციო კამპანიებმა, ისე საქართველოს მიგრაციის კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებების აქტიურმა თანამშრომლობამ ევროპელ კოლეგებთან.

არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის აუცილებელია, რომ:

  1. საქართველომ გააგრძელოს ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული რეფორმების ეფექტიანად განხორციელება;
  2. კიდევ უფრო დაიხვეწოს საზღვრის უსაფრთხოებისა და მიგრაციის კონტროლის სისტემა;
  3. საქართველომ აქტიურად გააგრძელოს თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებთან როგორც ორგანიზებული დანაშაულის, ისე თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შესამცირებლად.

ამ მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებსა და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობაც, კერძოდ, მოქალაქეთა ინფორმირების კუთხით. სოციალურ მედიაში და რუსულ ტელემედიაში არაერთგზის გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა ევროკავშირში უკანონოდ დარმჩენ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი. ითქვა ისიც, რომ ევროკავშირი სავიზო რეჟიმის კვლავ გამკაცრებას გეგმავდა. სასურველია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო კამპანიამ აქცენტი გააკეთოს როგორც ამ ტიპის ცრუ ინფორმაციის გაქარწყლებაზე, ისე უვიზო რეჟიმით სარგებლობის წესებსა და ამ წესების დაცვის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების შექმნის აუცილებლობასაც (მაგ. სეზონურ სამუშაოებზე), რაშიც მთავრობასთან ერთად, არასამთავრობო სექტორის (მათ შორის, კერძო სქტორის) ჩართვაც არის საჭირო.

აღნიშნულ თემაზე შსს მომავალშიც განაგრძობს პერიოდულ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან.

Write a Comment

Leave a Reply

<