საინფორმაციო შეხვედრა პანკისის ხეობაში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ

საინფორმაციო შეხვედრა პანკისის ხეობაში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ

22 ოქტომბერს EWMI ACCESS-ის ორგანიზებით პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში საინფორმაციო სემინარი „მითები და რეალობა ევროინტეგრაციის შესახებ“ გაიმართა. სექტემბერში ანალოგიური შეხვდრები ACCESS-ის ინიციატივით საქართველოს რვა რეგიონში ჩატარდა. ამის შემდეგ გადაწყდა დამატებითი შეხვდრის ჩატარება პანკისის ხეობაში. ხეობა ბოლო დროს მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა რამდენიმე ათეული ადგილობრივი მაცხოვრებლის სირიაში ისლამური სახელმწიფოს რიგებში გაწევრიანების გამო. ამას გარდა, პანკისის მოსახლეობა, რომელიც ძირითადად ქისტებისგან შედგება, ნაკლებად ინტეგრირებულია ფართო საზოგადოებაში და არ ფლობს ინფორმაციას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესიდან გამომდინარე სარგებელზე.

შეხვედრის მიზანი იყო ამ ინფორმაციული ვაკუუმის შევსება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, ასევე ამ პროცესთან დაკავშირებით შექმნილი მცდარი შეხედულებების (მითების) გაქარწყლება. შეხვედრას გაუძღვნენ მოწვეული ექსპერტები სამოქალაქო სექტორიდან, რომლებმაც დეტალურად ილაპარაკეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე (DCFTA), ასევე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივაზე. უფრო დეტალურად, საუბარი შეეხო შემდეგ კითხვებს: რატომ აირჩია საქართველომ ევროპა? რამდენად შეესაბამება ასოცირების შეთანხმება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს? რამდენად მიმზიდველია ევროკავშირის ბაზარი რუსულ ბაზართან შედარებით? რას გვთავაზობს ევროკავშირის ბაზარი და რაშია მისი უპირატესობა სხვა ბაზრებთან შედარებით? დაკარაგვს თუ არა საქართველო სხვა ბაზრებს? რა სიახლეები და რეგულაციები უნდა დაინერგოს სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის სფეროში? რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ ქართველმა მეწარმეებმა? რატომ გვჭირდება სურსათის უვნებლობის სტანდარტები? როდის შევა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ძალაში და რა წესები გავრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე? მართალია თუ არა, რომ ევროკავშირი ჩვენთვის მიუღებელ ღირებულებებსა და ტრადიციებს გვახვევს თავს?  ებრძვის თუ არა ევროკავშირი საქართელოს ეროვნულ იდენტობას?
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია- მედიის განვითარების ფონდის (MDF) წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას  ვებგვერდი www.eurocommunicator.ge გააცნო,  რომლის საშუალებითაც საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული მითების გაქარწყლების მიზნით არგუმენტირებილი ინფორმაცია ვრცელდება.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის სესია. დამსწრეები განსაკუთრებით  დაინტერესდნენ, თუ რა პირობების დაკმაყოფილებაა საჭირო ადგილობრივი პროდუქციის ევროპის ბაზარზე გასატანად; ასევე, უვიზო მიმოსვლის პერსპექტივის შესახებ. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

Pankisi 4Pankisi 3

Related Articles

Write a Comment

<