საჯარო დისკუსია – „სახელმწიფოს მზაობა ბუნებრივი კატასტროფების მიმართ: რა შეიცვალა თბილისის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე“

საჯარო დისკუსია – „სახელმწიფოს მზაობა ბუნებრივი კატასტროფების მიმართ: რა შეიცვალა თბილისის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე“

ერთი წლის წინ, 2015 წლის 13 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარ სტიქიას ადამიანური მსხვერპლი, დიდძალი მატერიალური ზარალი და ქალაქის ინფრასტრუქტურის განადგურება მოჰყვა. სტიქიის მიმართ სახელმწიფოს რეაგირება და მისი შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები თავიდანვე მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „მწვანე ალტერნატივამ“ სახელმწიფოს კონკრეტული რეკომენდაციები მიაწოდეს მომავალში ანალოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.

15 ივნისს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში გამართავს საჯარო დისკუსიას თემაზე „ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფებისადმი სახელმწიფოს მზადყოფნა: რა შეიცვალა თბილისის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე“. დისკუსიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მომზადებულია სახელმწიფო ანალოგიური ან სხვა სახის ბუნებრივი თუ ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფებისათვის.

აუდიტორიის წინაშე მოხსენებით წარდგება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი ღიბრაძე, აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, 112-ის, გარემოს ეროვნული სააგენტოს და სხვა უწყებების წარმომადგენლები. ასევე გაიმართება დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დასწრება თავისუფალია.

Write a Comment

<