ფოთის საკრებულომ მხარი დაუჭირა მოქალაქეთა პეტიციას ქალაქში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის უზრუნველყოფაზე

ფოთის საკრებულომ მხარი დაუჭირა მოქალაქეთა პეტიციას ქალაქში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის უზრუნველყოფაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის კვლევის ცენტრი“, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, ფოთში წყლისა და ჰაერის დაბინძურების და ქალაქის დატბორვის პრობლემების მოსაგვარებლად ადვოკატირების კამპანიას ახორციელებს. კამპანიაში ჩართულმა მოქალაქეებმა დააფუძნეს სამოქალაქო პლატფორმა „ფოთელები – საკუთარი უფლებებისათვის“ და გაავრცელეს პეტიცია, რომლითაც  ფოთში ატმოსფერული ჰაერის უწყვეტი მონიტორინგისთვის ავტომატური სადგურების დამონტაჟება მოითხოვეს. პეტიციაზე ხელმოწერების სავალდებულო რაოდენობა მისი გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში შეგროვდა და პეტიცია საკრებულოს წარედგინა.

განხილვის შემდეგ, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა პეტიციის მოთხოვნას და გარემოს ეროვნულ სააგენტოს ქალაქის ორ პრობლემურ უბანში – საზღვაო ნავსადგურისა და დიდი სამრეწველო ქარხნების ტერიტორიაზე — ატმოსფერული ჰაერის უწყვეტი მონიტორინგის სტაციონარული სადგურების დამონტაჟება დაევალა. სადგურების მონტაჟი პეტიციის წარმდგენლებთან კოორდინირებით განხორციელდება. სტაციონარული სადგურების დამონტაჟებამდე, ნავსადგურის მიმდებარედ დროებითი მობილური ჰაერმზომი სადგური განათავსეს.

სამოქალაქო პლატფორმამ დაბინძურების უბნებში მცხოვრები ბავშვების მძიმე მეტალებზე ლაბორატორიული შემოწმებაც მოითხოვა. საკრებულომ ამ საკითხზეც სიტყვიერი თანხმობა განაცხადა.

„ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის კვლევის ცენტრი“ და სამოქალაქო პლატფორმა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ ჰაერისა და წყლის დაბინძურების საკითხების კვლევას და ადგილობრივი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვას.

 

Write a Comment

<