საინიციატივო ჯგუფი „ზამთრის მარაგი“ პანდემიის დასამარცხებლად

საინიციატივო ჯგუფი „ზამთრის მარაგი“ პანდემიის დასამარცხებლად

მიმდინარე წლის 1 ივნისიდან საინიციატივო ჯგუფი „ზამთრის მარაგი“, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, სოციალურად დაუცველ ჯგუფებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ სანდო და საჭირო ინფორმაციას აწვდის და ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პროცესში ეხმარება.

ეს საინიციატივო ჯგუფი COVID-19-ის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დასახმარებლად 2020 წლის ნოემბერში შეიქმნა. დროთა განმავლობაში ჯგუფის დახმარების არეალი გაიზარდა და ის ოჯახებიც მოიცვა, რომლებიც პანდემიის დაწყებამდეც რთულ პირობებში ცხოვრობდნენ. ჯგუფის წევრები სოციალური მედიის საშუალებით ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ და იმ ოჯახებს აწვდიან, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. არაერთი საქველმოქმედო ინიციატივის შედეგად ჯგუფი ბენეფიციარებში განსაკუთრებით მაღალი ნდობით სარგებლობს.

„ზამთრის მარაგის“ ბენეფიციარბს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ვაქცინაციასთან დაკავშირებულ სანდო ინფორმაციაზე. ამავდროულად, ბენეფიციარების დიდი ნაწილი სხვადასხვა რისკჯგუფს მიეკუთვნება.

EWMI ACCESS-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, „ზამთრის მარაგი“ ორი თვის განმავლობაში, კვირაში სამჯერ გამართავს ონლაინ და პირისპირ შეხვედრებს, სადაც მოწვეული იქნებიან ექიმები, სასულიერო პირები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც დამსწრეებს ესაუბრებიან ვაქცინაციის შესახებ სამედიცინო, რელიგიური და სამოქალაქო პერსპექტივიდან. მონაწილეებს საშუალება ექნებათ დასვან შეკითხვები და მიიღონ რეკომენდაციები იმ ექიმებისგან, რომლებიც ყოველდღიურად COVID-19-თან ბრძოლაში არიან ჩაბმულები.

„ზამთრის მარაგის“ ბენეფიციარებს შეხვედრებზე სასაჩუქრე ნაკრებსაც გადასცემენ – ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო ბარათებს, საკვებს და ტანსაცმელს.

სპეციალურად ამ პროექტისათვის ფეისბუქზე შეიქმნა გვერდი სახელწოდებით „ზამთრის მარაგი პანდემიის დასამარცხებლად“, სადაც ონლაინშეხვედრების ვიდეოჩანაწერები და სხვა საინფორმაციო მასალა ვრცელდება.

Write a Comment

<