არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი გამჭვირვალობა დემოკრატიისთვის

არასამთავრობო  ორგანიზაციების მეტი გამჭვირვალობა დემოკრატიისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების, შემოსავლების და დაფინანსების წყაროების სრული გამჭვრივალობა – ასე პასუხობენ არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო პერიოდში მათი მისამართით გახშირებულ კრიტიკასა და სიტყვიერ შეტევებს.

transparency-charter-signing-ceremony

გამჭვირვალობის დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონია – 9 სექტემბერი, 2016

უკანასკნელ პერიოდში გახშირდა ზოგიერთი ოფიციალური პირისა და სოციალური ჯგუფის მხრიდან  წამყვანი არასამთავრობო  ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობები  (მათი დადანაშაულება კორუმპირებულობაში და ქვეყნისთვის საზიანო საქმიანობაში) და   გაიზარდა გაუმჭვირვალე და საეჭვო დაფინანსების მქონე არასამთვარობო ორგანიზაციების რიცხვი. ამ ვითარებას ასევე ამწვავებს მოსახლეობის მხრიდან არასამთავრობო სექტორის მიმართ დაბალი ნდობა[i]. სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ  წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა (როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან) გადაწყვიტეს სამოქალაქო სექტორში ფინანსური გამჭვირვალობის საერთო სტანდარტის დანერგვა და ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამ მიზნით შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის დეკლარაცია, რომელიც ავალდებულებს ხელმომწერ ორგანიზაციებს რეგულარულად გამოაქვეყნონ ინფორმაცია მათი ორგანიზაციების შემოსავლების და დაფინანსების წყაროების, ასევე მიმდინარე საქმიანობების/პროექტების შესახებ. ეს ინფორმაცია უნდა განთავსდეს სამოქალაქო საზოგადეობის ვებგვერდზე www.cso.ge.

9 სექტემბერს EWMI ACCESS-ისა და CiDA-ს ორგანიზებით გაიმართა გამჭვირვალობის დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონია, რომელსაც თავდაპირველად 18-მა ორგანიზაციამ მოაწერა ხელი.  დეკლარაციას შემდგომში სხვა ორგანიზაციებიც შეუერთდნენ და ამჟამად ვებგვერდზე (www.cso.ge) 28 ორგანიზაციის მონაცემებია ხელმისაწვდომი. ხელმომწერ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ეს ინიციატივა დამატებითი წნეხი იქნება გაუმჭვირვალე ორგანიზაციებისთვის გაასაჯაროვონ ინფორმაცია მათი დაფინანსების წყაროების შესახებ

kintsurashvili

თამარ კინწურაშვილი – მედიის განვითარების ფონდის (MDF) გამგეობის თავმჯდომარე

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი არასამთვრობო ორგანიზაცია მანამდეც აქვეყნებდა მათი დაფინანსების და საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ახალი პლატფორმის საშუალებით მომხმარებელს საშუალება ექნება იხილოს ეს ინფორმაცია ერთ სივრცეში და, შესაბამისად, მიიღოს სრული სურათი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შესახებ. „აქამდე, საქართველოში მსგავსი პლატფორმა არ არსებობდა.  ჩვენი საქმიანობის შესახებ ეჭვებისა და ნეგატიური სტერეოტიპების გასაქარწყლებლად, არასამთავრობო სექტორი მზად არის რეგულარულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია დაფინანსების წყაროებისა და საქმიანობების შესახებ. ეს არის გამჭვირვალობის ახალი სტანდარტი, როდესაც იქმნება ახალი ვებპლატფორმა, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია  არასამთავრობო სექტორის დაფინანსების და საქმიანობის შესახებ“ – ამბობს  ზვიად დევდარიანი, CiDA-ს  აღმასრულებელი დირექტორი და გამჭვირვალობის დეკლარაციის  ერთ-ერთი თანაავტორი.   „ბოლო წლებში საქართველოში ბევრი ანტიდასავლური ორიენტაციის არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, რომელთა დაფინანსების წყაროები და ბიუჯეტი საზოგადოებისთვის უცნობია. ეს პლატფორმა კი გასცემს პასუხს შეკითხვებს, თუ ვინ ვართ ჩვენ, რა არის ჩვენი მისია და ვინ გვაფინანსებს“ –  ამბობს  თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდის (MDF) გამგეობის თავმჯდომარე, გამჭვირვალობის დეკლარაციის ერთ-ერთი ხელმომწერი.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ უნდობლობა და შიში ახალი დემოკრატიებისთვისაა დამახასიათებელი, სადაც მთავრობასა და საზოგადოებას არ აქვს კარგად გაცნობიერებული ამ ორგანიზაციების როლი სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების და დემოკრატიის შენების პროცესში. არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის დეკლარაცია არსებული მითებისა და სტერეოტიპების დანგრევისაკენ გადადგმული პირველი საერთო ნაბიჯია.

დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ შეუერთდნენ ამ ინიციატივას.

ვებპლატფორმას ადმინისტრირებას უწევს სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) EWMI ACCESS-ის ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

[i] [i] კავკასიის კვლევითი რესურსცენტრის (CRRC) მიერ 2014 წელში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 28% ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს.

 

 

Related Articles

Write a Comment

<