საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შეფასება

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შეფასება

იანვარში, EWMI ACCESS-ის და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ინიციატივით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების კვლევა დაიწყო. კვლევის მიზანია, ქართული სამოქალაქო სექტორის ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზება და განვითარების მიმართულებების განსაზღვრა. კვლევის ფარგლებში ჩატარდება ინტერვიუები და ინტერაქციული დისკუსიები ფართო აუდიტორიის მონაწილეობით, მოხდება ამავე თემაზე არსებული ადგილობრივი თუ საერთაშორისო კვლევების შესწავლა და ჩატარდება ინტერნეტგამოკითხვა. ვინაიდან აღნიშნული კვლევა მრავალფეროვან წყაროს და კვლევის სხვადასხვა მეთოდს ეყრდნობა, მისი შედეგები სამოქალაქო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს, ასევე დონორებს უფრო ეფექტური მიდგომებისა და სტრატეგიების შემუშავებაში დაეხმარება.

კვლევის ფარგლებში, თებერვალში გაიმართა დისკუსიები სამოქალაქო აქტივისტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებთან. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ღიად გამოეთქვათ მოსაზრებები შემდეგ საკითხებზე:  რატომ აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაბალი საზოგადოებრივი ნდობა და როგორ შეიძლება ამის გამოსწორება? რა ფაქტორები აფერხებს მოქალაქეების ფართო ჩართულობას სამოქალაქო ინიციატივებში? რა პრობლემებთან უწევს გამკლავება სამოქალაქო საზოგადოებას არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოში? სამოქალაქო ორგანიზაციების მიღწევები და მათი სუსტი მხარეები; სამოქალაქო ორგანიზაციების მდგრადობა და განვითარების პერსპექტივები და სხვ. ამას გარდა, დისკუსიების მონაწილეებმა ისაუბრეს იმ პრიორიტეტებზე და მიდგომებზე, რაც უნდა გაატარონ დონორმა ორგანიზაციებმა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების კიდევ უფრო მეტად გასაძლიერებლად.

მარტში ჩატარდება დამატებითი დისკუსიები აკადემიური წრეების და ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე სიღრმისეული ინტერვიუები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან.

Write a Comment

<