ქალი ამომრჩევლების საჭიროებების კვლევა

ქალი ამომრჩევლების საჭიროებების კვლევა

მიუხედავად იმისა, რომ ქალები საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლების 53.7%-ს შეადგენენ, მათი მონაწილეობა არჩევნებში და პოლიტიკურ პროცესებში ძალიან დაბალია. ქალების პასიურობის გამო მათ საჭიროებებს ნაკლები ყურადღება ეთმობა პოლიტიკოსების მხრიდან. იმისთვის, რომ პოლიტიკოსები მეტად დაინტერესდნენ ქალების პრიორიტეტებით, რეგიონულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს 10 რეგიონში 1100-ზე მეტი ქალი გამოკითხეს, რათა მათი პირიორიტეტები გამოევლინათ და შემდეგ საარჩევნო კანდიდატებისათვის წარედგინათ.

კვლევის შედეგები  არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფართო აუდიტორიას 17 ოქტომბერს წარუდგინეს. პრეზენტაცია თბილისში ჩატარდა, თუმცა ამ საკითხს მრავალი ინტერვიუ და სიუჟეტი დაეთმო  რეგიონულ მედიაშიც.

რეგიონებში მცხოვრები ქალი ამომრჩევლების მიერ დასახელებული ყველაზე პრობლემური საკითხების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

1. მოუწესრიგებელი შიდა გზები და ტროტუარები (რის გამოც რთულია ტროტუარებზე უსაფრთხოდ გადაადგილება, განსაკუთრებით საბავშვო ეტლით და/ან ჩვილი ბავშვით ხელში).
2. სასმელი წყლის პრობლემა (როგორც წყლის უქონლობა, ასევე გრაფიკით მიწოდება, რაც „სახლის საქმეებს“ და საქონლის მოვლას განსაკუთრებით ართულებს).
3. პარკების, სკვერების და სხვა საჯარო ადგილების, ასევე გარე განათების გაუმართაობა (ბავშვებს არ აქვთ გასართობი ადგილები, ქალებს კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები).
4. ბაღებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობის პრობლემა (საბავშვო ბაღებში ადგილების ნაკლებობა ან/და მოუქნელი სამუშაო გრაფიკი უარყოფით გავლენას ახდენს დედების დასაქმებაზე. იმის გამო, რომ ბაღების მუშაობის გრაფიკი არ ემთხვევა დედების სამუშაო გრაფიკს (მათ შორის საჯარო სექტორში), მათ ხშირად უწევთ სამსახურში დაგვიანება ან/და სამსახურიდან ადრე გამოსვლა, ან საერთოდ სამუშაოსთვის თავის დანებება).
5. ნაგვის გატანისა და დასუფთავების პრობლემები (რაც  ინფექციების წყაროს წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას).

არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და კანდიდატებისთვის საყურადღებო უნდა იყოს ის, რომ რესპონდენტთა 67% პარტიისა თუ კანდიდატის შერჩევისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, თუ რამდენად ეხმიანებიან ისინი ქალებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ან/და ქალების უფლებებებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

“საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ქალი და კაცი ამომრჩევლების პრიორიტეტები ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან. საქართველოში პოლიტიკური პარტიები, როგორც წესი, ნაკლებ დროს უთმობენ ქალი ამომრჩევლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ცალკე კვლევას და მათზე ორიენტირებული საარჩევნო პროგრამების შემუშავებას. სწორედ ამ პრობლემის ხაზგასმასა და აღმოფხვრას ემსახურება მიზნად ეს კვლევა”, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

არჩევნების შემდგომ პერიოდში ACCESS-ი დაეხმარება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ მათ განაგრძონ გამოკვეთილი პრობლემების ადვოკატირება ადგილობრივ დონეზე.

კვლევის სრული ვერსია იხილეთ აქ. კვლევა EWMI ACCESS-ის და CiDA-ს მხარდაჭერით ჩატარდა.

Related Articles

Write a Comment

<