EWMI ACCESS-ი მხარს უჭერს COVID-19-ის ვაქცინაციის კამპანიას საქართველოს რეგიონებში

EWMI ACCESS-ი მხარს უჭერს COVID-19-ის ვაქცინაციის კამპანიას საქართველოს რეგიონებში

მარნეული და ბოლნისი

აგვისტოში და სექტემბერში „ახალი აზროვნების ინსტიტუტმა“ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების 7 სათემო ცენტრში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით აქტიური მუშაობა გაწია. ვაქცინაზე შექმნილი მითების გასაქარწყლებლად სათემო ცენტრის მოხალისეები სოფლებში საინფორმაციო ბროშურებს არიგებდნენ, შეხვედრებს და სემინარებს მართავდნენ, და დაინტერესებულ პირებს აცრაზე არეგისტრირებდნენ.

 

ახმეტა და ქედა

სანდო ინფორმაციის ნაკლებობის გამო ახმეტისა და ქედის მოსახლეობა ვაქცინაციის მიმართ ინტერესს ნაკლებად გამოხატავს. ენობრივი ბარიერი (ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სოფლები), სიღარიბე და სხვა პრობლემები ამ მუნიციპალიტეტებს დეზინფორმაციის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის. სწორედ ამიტომ, ვაქცინაციის კამპანიაში ადგილობრივი ლიდერები – სკოლის მასწავლებლები ჩაერთნენ. EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, 27 მასწავლებელს COVID-19-ის ვაქცინაციის, მედიაწიგნიერებისა და საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვის შესახებ ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის შემდეგ მასწავლებლებმა თავიანთ სოფლებსა და ქალაქებში ვაქცინაციის სასარგებლოდ აქტიური საინფორმაციო კამპანიები დაიწყეს სლოგანით – “იყავით თქვენი შვილების გმირი” და “დაეხმარეთ ოჯახის წევრებს და მეობრებს ვაქცინაციაში“. ვაქცინაციისაკენ მოწოდების გარდა, სოციალური ქსელით მასწავლებლების ვაქცინაციის ისტორიები ვრცელდება.

 

ამბროლაური

რაჭის სოფლებში, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ხანდაზმულია, უმრავლესობა ვაქცინის გარეშეა დარჩენილი. მათი განწყობა ვაქცინის მიმართ ხშირ შემთხვევაში დადებითია, თუმცა ინტერნეტით რეგისტრაციის სირთულის და ტრანსპორტის არარსებობის გამო აცრას ვერ ახერხებენ. სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაში ადგილობრივ მოსახლეობას რაჭის სათემო ორგანიზაცია ეხმარება. ორგანიზაციის მოხალისეები ამბროლაურის სოფლებში კარდაკარ დადიან (უკვე 50-მდე სოფელს ეწვივნენ) და  დაინტერესებულ მოქალაქეებს აცრაზე არეგისტრირებენ, საჭიროების შემთხვევაში სოფლიდან ვაქცინაციის პუნქტამდე ტრანსპორტირებასაც სთავაზობენ. ჯამში ორგანიზაციამ 194 ადამიანი დაარეგისტრირა და 22-ს ტრანსპორტირება გაუწია.

სიღნაღი

ცოდნის კაფე სიღნაღის მუნიციაპლიტეტის სოფლებში  საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს. ადგილობრივი ექიმები და ექთნები 60 წელს გადაცილებულ ადამიანებთან სახლში მიდიან და ვაქცინის შესახებ ინფორმაციას აწვდიან, ხანდაზმულების ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. პროექტში ჩართულები არიან ახალგაზრდა მოხალისეები, რომლებიც სოფლებში საინფორმაციო ბროშურებს არიგებენ. ცოდნის კაფეში ასევე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი დაინტერესებული პირების დასახმარებლად.

Related Articles

Write a Comment

<