საინფორმაციო კამპანია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად

საინფორმაციო კამპანია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად

“საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონმა” EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, მაისიდან ყოველთვიური გაზეთის გამოცემა დაიწყო. გაზეთი „პოზიცია“ რუსულ პროპაგანდას უპირისპირდება და ობიექტური და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციით აქარწყლებს პრორუსული ჯგუფების მიერ გავრცელებულ მითებსა და კონსპირაციებს. გაზეთი მკითხველს სთვაზობს ანალიტიკურ სტატიებს, ისტორიულ მიმოხილვებს (აქცენტით 1918-21 წლებზე) და ინტერვიუებს საინტერესო ადამიანებთან. მასში ასევვე საუბარია COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე და ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებულ რუსულ დეზინფორმაციაზე.

გაზეთის პირველი ნომერი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამოვიდა და „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის” მოხალისეებმა ის გორში, ხაშურში, ქარელსა და შიდა ქართლის სხვა ქალაქებსა და სოფლებში — 2008 წლის ომის შედეგად ყველაზე დაზარალებულ რეგიონში — დაარიგეს. გაზეთის შემდეგი ნომრები სხვადასხვა რეგიონში დარიგდება და თითოეული მორგებული იქნება შესაბამისი რეგიონის სპეციფიკასა და ინტერესებს.

აქამდე „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი” მხოლოდ ონლაინ სივრცეში აქტიურობდა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტზე ხელი ყველას არ მიუწვდება და ბევრი გაზეთში წაკითხულ ინფორმაციას უფრო ენდობა, ვიდრე ინტერნეტში წაკითხულს, ვირტუალური სივრცის პარალელურად, ლეგიონის საქმიანობამ ფიზიკურ სივრცეშიც გადაინაცვლა.

გაზეთის გამოცემის გარდა, „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონმა“ დამოუკიდებლობის დღე ემოციური ვიდეოთი და ერთკვირიანი საინფორმაციო კამპანიითაც აღნიშნა, რომელშიც არაერთმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, საინტერესო და ემოციური ვიდეოები  მოამზადა „საქართველოს გაეროს ასოციაციამ“ და civil.ge-მაც. რესპუბლიკა – ჩვენი ტრადიცია – ამ სახელწოდების ქვეშ გაერთიანებული ვიდეობით civil.ge აუდიტორიას 1918-1921 წლების პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის იმ მნიშვნელოვან მიღწევებს აცნობს, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „დემოკრატია ჩვენი ტრადიციაა, რესპუბლიკა ჩვენი ისტორიაა, ევროპა ჩვენი სახლია“.

Write a Comment

<