EWMI ACCESS-ი საქართველოს რეგიონებში ოთხ ახალ პროექტს აფინანსებს

EWMI ACCESS-ი საქართველოს რეგიონებში ოთხ ახალ პროექტს აფინანსებს

2018 წლის თებერვალში EWMI ACCESS-ის მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსის ფარგლებში 60 საპროექტო განაცხადი შემოვიდა, საიდანაც გრანტების კომისიამ ოთხი პროექტი შეარჩია დასაფინანსებლად. პროექტების მიზანია საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო აქტიურობის გაზრდა და მოქალაქეების ჩართულობით   ადგილობრივი პრობლემების მოგვარება. გამარჯვებული პროექტები:

  • ა/ო „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ პროექტის მიზანია პანკისში და თუშეთში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ორგანიზაცია მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმების შესახებ და დაეხმარება მათ ამ მექანიზმების გამოყენებაში, მაგ: ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასწრებას საკრებულოს სხდომებზე, კონსულტაციებს გაუწევს მოქალაქეებს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბებაში, მოახდენს მოქალაქეების მობილიზაციას და ხელმოწერების შეგროვებას პეტიციისთვის და ა.შ. პერიოდულად მოეწყობა არაფორმალური დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობის წევრებს შორის მნიშვნელოვან საკითხებზე. „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ ასევე ხელს შეუწყობს მოქალაქეების ადვოკატირების კამპანიებს.
  • ა/ო „სთეფ ფორვარდი“ მაღალმთიან აჭარაში სმენის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო სერვისების დასანერგად ადვოკატირების კამპანიას ჩაატარებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საზაფხულო ბანაკი, სადაც მოხდება სარეაბილიტაციო სერვისის მოდელის პილოტირება. ამის შემდეგ, „სთეფ ფორვარდი“, ბავშვების მშობლების აქტიური ჩართულობით, ამ მოდელს აჭარის მთავრობას წარუდგენს და ასეთი საზაფხულო სკოლებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების გამოყოფას მოითხოვს.
  • ა/ო „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ პროექტის მიზანია ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დანერგვა და მოქალაქეების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა. ამ მიზნით, ორგანიზაცია აქტიურად იმუშავებს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ასევე მოსახლეობასთან, რათა მუნიციპალურ დონეზე დაინერგოს ონლაინ პეტიციების პლატფორმა. პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება გამოკითხვა ზოგიერთი მუნიციპალიური სერვისების მიმართ მოსახლეობის კმაყოფილების დონის დასადგენად. კვლევის შედეგად ადგილობრივ თვითმმართველობას მიეწოდება კონკრეტული ინდიკატორები, თუ როგორ უნდა გააუმჯობესოს მუნიციპალური სერვისების მიწოდება.
  • ა/ო „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“ პანკისელ ახალგაზრდებს (ეთნიკურად ქისტებს, ჩეჩნებს და ქართველებს) სკოლის გარეთ საგანმანათლებლო და გასართობ შესაძლებლობებს შესთავაზებს. ასევე, მოაწყობს საზაფხულო ბანაკს, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ უკეთესად გაეცნონ ერთმანეთის კულტურასა და ტრადიციებს. პროექტის გუნდი ასევე დააფინანსებს ახალგაზრდების სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივას. პროექტი აქტიურად ითანამშრომლებს პანკისის სათემო რადიოსთან, რომლის ეთერშიც მოეწყობა საინფორმაციო გადაცემები ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

პროექტები დაიწყება მარტში. EWMI ACCESS-–ი ულოცავს გამარჯვებულ ორგანიზაციებს და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს მათ.

Write a Comment

<