ACCESS-ის პროექტის დასრულება

ACCESS-ის პროექტის დასრულება

ძვირფასო მეგობრებო,

გვსურს გაცნობოთ, რომ „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი (ACCESS) დასრულდა. ვამაყობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, 7 წლის მანძილზე აქტიურად ვიმუშავეთ საქართველოს სამოქალაქო სექტორის გაძლიერებასა და მის საქმიანობაში მოქალაქეთა როლის გაზრდაზე.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ACCESS-ის პროექტის განხორციელება 2014 წლის 30 ოქტომბერს დაიწყო და 2021 წლის 31 ოქტომბერს დაასრულა. პროექტის ბიუჯეტი 9 696 947 აშშ დოლარს შეადგენდა. ACCESS-ის საქმიანობისა და შედეგების ამსახველი სრული არქივი ყველასთვის ხელმისაწვდომია ACCESS-ის ვებგვერდსა და Facebook გვერდზე.

ACCESS-ის პროექტი ეხმარებოდა როგორც დიდ და გამოცდილ ორგანიზაციებს, რათა მათ ზემოქმედება მოეხდინათ საჯარო პოლიტიკაზე, ისე ახალ სამოქალაქო ჯგუფებს – აქტივისტებს, სოციალურ მოძრაობებსა და მოქალაქეთა არაფორმალურ გაერთიანებებს –
რომ გაეძლიერებინა მათი ხმები სამოქალაქო სექტორის საქმიანობაში ცენტრსა და რეგიონებში.

სამოქალაქო აქტივიზმის წახალისების გარდა, ACCESS-ის პროექტი ემსახურებოდა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ რწმენის განმტკიცებას და საჯარო დისკუსიებში მოქალაქეების ჩართვას 10 სხვადასხვა ქალაქში, რისთვისაც ის მხარს უჭერდა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების უწყვეტ საქმიანობას.

ჩვენ ასევე მუდმივად ვცდილობდით ინოვაციური გზების პოვნას ბიზნესსა და სამოქალაქო სექტორებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობების გასაჩენად და სოციალურად გარიყული ჯგუფების ჩართულობის გაზრდას მაქსიმალურად მისაწვდომი და თანაშექმნის პრინციპზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამების შექმნით.

ამ ყველაფერს ვერ გავაკეთებდით თქვენთან თანამშრომლობის და თქვენი მოსაზრებების გათვალისწინების გარეშე. სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი საბოლოო უკუკავშირიც გაგვიზიაროთ. ამისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ აქ.

საუკეთესო სურვილებით,
ACCESS-ის გუნდი

Write a Comment

<