სამოქალაქო კამპანიები მთის მცხოვრებთა ინტერესების დასაცავად

სამოქალაქო კამპანიები მთის მცხოვრებთა ინტერესების დასაცავად

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ და მედიაპორტალი „მთის ამბები“ აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვის პროექტს ახორციელებენ და მოსახლეობას მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში ეხმარებიან.

ივლისში, „მთის ამბებმა“ პირიქითა ხევსურეთის სოფელ ამღის კომპლექსური რეაბილიტაციის მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერები შეაგროვა.

ამღა არხოტის ხეობის ბოლო სოფელია, საქართველო-რუსეთის საზღვართან. სოფელში მუდმივად მხოლოდ ორი ოჯახი ცხოვრობს და სულ 20-მდე ნაგებობაა, აქედან ექვსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამღის რეაბილიტაცია საზღვრისპირა სოფელში დააბრუნებს მოსახლეობას, განავითარებს ტურიზმს და ხალხს შემოსავლის წყაროს მისცემს, ქვეყანას კი ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას შემოუნახავს.

მეორე კამპანია ხევსურეთში მიწის რეგისტრაციის პრობლემას ეხება. მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობა მამაპაპისეული სახლებისა და მიწის დარეგისტრირებას ვერ ახერხებს, რადგან ამ რეგიონებში არ ჩატარებულა სახლების ინვენტარიზაცია, მიწები და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები თაობიდან თაობას სიტყვიერად გადაეცემოდა, ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის გარეშე. დღეს მიწის ფაქტობრივი მესაკუთრეები ვერ ამტკიცებენ, რომ მიწაც და სახლებიც მათი საკუთრებაა. ეს პრობლემა ხელს უშლის ახალგაზრდებს  დაუბრუნდნენ მთას და იქ ბიზნესი და ტურიზმი განავითარონ. ამ პრობლემის დროულად მოგვარების მოთხოვნით მთის მოსახლეობა, „მთის ამბების“ დახმარებით ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავს და სოფლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს.

პროექტი EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

Write a Comment

<