ACCESS-მა ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის შედეგები შეაჯამა

ACCESS-მა ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის  შედეგები შეაჯამა

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) რეფორმა საქართველოში 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო, თუმცა 2019 წლის იანვრიდან ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა. რეფორმის მიზანია ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის და გამონაბოლქვის შემცირება.

EWMI ACCESS-ი და მისი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ რამდენიმე წელია აქტიურად არიან ჩართულები რეფორმის ადვოკატირების და შემდგომ მისი განხორციელების მონიტორინგის პროცესში. 2019 წლის მარტი-მაისის პერიოდში, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, ორგანიზაციამ   პტი რეფორმის განხორციელების მე-2 ფაზის მონიტორინგი ჩაატარა (1-ლი ფაზის მონიტორინგი 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარდა), რაც მოიცავდა როგორც შესაბამისი კანონმდებლობის და სტატისტიკური მონაცემების ანალიზს, ასევე უშუალოდ ინსპექტირების პროცესზე დაკვირვებას, პტი ცენტრების მომხმარებლების გამოკითხვას,  ინტერვიუებს შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და ფოკუსჯგუფებს მძღოლებთან და ინსპექტორებთან.

28 მაისს აღნიშნული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ რეფორმის ამოქმედებიდან 2019 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით ტექინსპეტირება გაიარა სულ  322 580 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ, რომლისგანაც72%-ს პირველადი ინსპექტირება წარმოადგენდა, სადაც დახარვეზების მაჩვენებელი 52% იყო.

რეფორმის მეორე ეტაპისთვის (2019 წლის იანვარი) სწრაფად აშენდა დამატებითი ტესტირების ცენტრები, რამაც ხელი შეუწყო ტექინსპეტირების პროცესის შეუფერხებლად (გრძელი რიგების გარეშე) ჩატარებას. წინა წელთან შედარებით, გაზრდილია მომხმარებლების ინფორმირებულობის და ინსპექტირებისთვის მომზადების დონე. პტი ცენტრები უმეტესად კეთილმოწყობილია და აღჭურვილია  თანამედროვე დანადგარებით, მაღალია მომხმარებლების ცენტრებით კმაყოფილების დონეც. პტი ცენტრებში მიმართვიანობა განსაკუთრებით გაიზარდა ე.წ. ჭკვიანი კამერების ამოქმედების შემდეგ.  ცენტრებმა ამ სირთულესთან გამკლავება რიგის მართვის სისტემების დანერგვით შეძლეს.

თუმცა, დადებითი მხარეების გარდა, ტექინსპექტირების პროცესის მრავალი ხარვეზი გამოვლინდა:

  • რეფორმის მონიტორინგის პირველი ეტაპის მსგავსად, ამჟამადაც არ არსებობს ინსპექტირებასთან დაკავშირებით კონკრეტული სახელმწიფო სტრატეგია, ან გეგმა. არ არის ნათლად გაწერილი რეფორმაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებება, რაც მნიშვნელოვნად ართულებს რეფორმის კოორდინაციას და ზედამხედველობას.
  • არ არსებობს ინსპექტირების ერთიანი ელექტრონული სისტემა, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ინსპექტირების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და ავტოპარკის მდგომარეობის ანალიზს. პროცესის მონიტორინგი ხდება მხოლოდ 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების გამოთხოვით და დაკვირვებით.
  • გაიდლაინების არსებობის მიუხედავად, ხშირია არაერთგვაროვანი მიდგომა პტი ინსპეტორების მხრიდან. ერთგვაროვანი მიდგომის უზრუნველსაყოფად, სასურველია ინსპექტორების პერიოდული გადამზადება.
  • კვლევის ამ ეტაპზეც დაფიქსირდა ერთჯერადი მანიპულაციები ავტომფლობელების მხრიდან: გამონაბოლქვის ტესტის გავლის მიზნით მაღალი ხარისხის ბენზინის ერთჯერადად მოხმარება;  ავტონაწილების და აღჭურვილობის (საბურავი, ფარი, ცეცხლმაქრი, სააფთიაქო ყუთი და სხვ.) თხოვება-ქირაობა. ასეთი შემთხვევების გამოსარიცხად, სასურველია დაინერგოს გარე კონტროლის მექნიზმი. ამას ადასტურებს ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც სატესტო გზისპირა ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარდა 12 ინსპექტირებაგავლილ სატრანსპორტო საშუალებას. მათგან 5-მა ვერ დააკმაყოფილა გამონაბოლქვის ტესტის კანონით დადგენილი მოთხოვნები. ამ გამოწვევებთან გამკლავების ერთ-ერთი გზა პატრულის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების  ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე პტი ცენტრში გადამისამართება ან დაჯარიმება წარმოადგენს.
  • მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება გამონაბოლქვის შემცველობის კონტროლიც. ამჟამად გამონაბოლქვში მოწმდება მხოლოდ CO-ს დონის შემცველობა (ბენზინის შემთხვევაში) და კვამლიანობის დონე (დიზელის შემთხვევაში), რაზე მანიპულირებასაც ავტომფლობელები სხვადასხვა გზებით ახერხებენ. სხვა დამაბინძურებლების კონტროლი მხოლოდ 2020 წლიდან დაიწყება, როცა კატალიზატორები გახდება სავალდებულო. თუმცა სახელმწიფო, ბაზარი და მომხმარებლები არ არიან მზად რეფორმის ამ ნაწილისთვის.

დამატებით, კვლევისას გამოიკვეთა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელთა მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მცდელობაც – ზოგიერთი მათგანი ინსპექტორებისგან მოითხოვდა მათ კუთვნილებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების დადებითი შედეგის გაცემას.

კვლევის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობის, თბილისის მერიის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნესის წარმომადგენლები.

შსს-ს წარმომადგენლის თქმით, უახლოეს მომავალში მოხდება დამატებით 5000 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერის დამონტაჟება როგორც ქალაქებში, ასევე საავტომობილო გზებზე. აღრიცხვიანობის გაუმჯობესების მიზნით, პატრულის ავტომობილის ბორტკომპიუტერში ჩაიტვირთება სპეციალური პროგრამა, რომლითაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოხდება ავტომობილის უფრო დეტალური აღრიცხვა, რაც დაგვეხმარება დავადგინოთ, თუ რამდენად იყო გამოწვეული კონკრეტული ავტოსაგზაო შემხთვევა ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო, ავტომობილის დაჯარიმება ხდება თვეში ერთხელ 50 ლარით. ბევრი მძღოლი, ინსპექტირების არიდების მიზნით, ყოველთვიურად იხდის ჯარიმას და შეუფერხებლად განაგრძობს ავტომობილით გადაადგილებას. პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე შსს ცვლილებების პაკეტის ინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც ავტომობილები, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, თუმცა გზებზე მაინც გადაადგილდებიან, თვეში ერთხელ დაჯარიმების ნაცვლად, 3 დღეში ერთხელ დაჯარიმდებიან.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ აღნიშნული ორი კვლევის გარდა (რეფორმის პირველი და მეორე ეტაპების მონიტორინგი) პტი რეფორმის პროცესის მონიტორინგი არც ერთ სამთავრობო თუ სხვა უწყებას არ განუხორციელებია. პრეზენტაციაზე მყოფი ხელისუფლების წარმომადგნლების თქმით, ამ  კვლევის შედეგები დაეხმარება მათ პტი რეფორმის აღსრულებისა და მონიტორინგის პროცესის გაუმჯობესებაში.

კვლევის ანაგრიშის მოკლე ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

Write a Comment

Leave a Reply

<