სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები

სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები

EWMI ACCESS-მა სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის ფარგლებში უკვე 15 პროექტი დააფინანსა. პროექტების განხორიცელება დაწყებულია.

იხილეთ ინფორმაცია გამარჯვებულ პროექტებზე:

  1. აჭარის დემოკრატიული განვითარების კავშირი – ქობულეთში და ბათუმში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფის – ბოშათა თემის  ინფორმირება COVID-19-ის შესახებ. ამ თემის წევრებთან ინტენსიური კომუნიკაცია და მათი დახმარება საჭირო სახელმწიფო სერვისების მიღებაში.
  2. ევროპა დონა საქართველო – ონკოპაციენტების, მათი ოჯახის წევრებისა და მომვლელების ინფორმირება COVID-19-თან დაკავშირებულ საფრთხეებზე, მათი პრევენციის გზებზე და ონკოპაციენტების სპეციალურ საჭიროებებზე. ამ მიზნით ინფოგრაფიკებისა და საინფორმაციო ვიდეოების მომზადება, ონლაინ დისკუსიებისა და ვებინარების ორგანიზება და ინდივიდუალური კონსულტაციების გაწევა.  პროექტი განხორციელდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) მჭიდრო თანამშრომლობით.
  3. მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრი – ახალი მობილური აპლიკაციის – CovidBuster-ის შექმნა ვირუსის გავრცელების შესამცირებლად. აპლიკაცია მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, აწარმოოს „დღიური“ და აღრიცხოს საკუთარი კონტაქტები, რაც, საჭიროების (მისი დაინფიცირების) შემთხვევაში, გააადვილებს კონტაქტების ღრმა და სწრაფ კვლევას. აპლიკაციას ექნება საინფორმაციო და საგანმანათლებლო კომპონენტებიც. გემიფიკაციის დახმარებით ის მომხმარებელს რეგულარულად შეახსენებს თვითიზოლაციისა და პირადი ჰიგიენის წესებს, ასევე, მიაწოდებს მას ინფორმაციას COVID-19-თან დაკავშირებულ ახალ რეკომენდაციებსა და რეგულაციებზე.
  4. კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ – საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის დისტანციური სწავლების გამარტივება დამხმარე საგანმანათლებლო ლიტერატურის შექმნით (I-VI და VII-XII კლასებისთვის). დამხმარე ლიტერატურას მოამზადებენ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტი მასწავლებლები. ლიტერატურა გავრცელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის და განათლების სამინისტროს რესურსცენტრების დახმარებით, ასევე, სოციალური მედიით.  მასწავლებლების დასახმარებლად იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზიც.
  5. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია – COVID-19-თან დაკავშირებული მითებისა და ყალბი ინფორმაციის გამოვლენა და გაქარწყლება. ეთიკის ქარტია მოამზადებს ყოველკვირეულ სტატიებსა და ინფოგრაფიკებს, ასევე, რამდენიმე ანიმაციურ ვიდეოს და საინფორმაციო ბარათებს ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. აქცენტი გაკეთდება ისეთ დეზინფორმაციაზე, რომლის გავრცელებაც, პოტენციურად, ხელს შეუშლის ვირუსთან ბრძოლას. საინფორმაციო მასალა გავრცელდება ინტერნეტით და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ადგილობრივი მედიით.
  6. გიორგი ბერია – იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის 7 კლინიკის სამედიცინო პერსონალის გადამზადება ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების ნაკადების ეფექტიანი მართვისა და სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის გავრცელების პრევენციის საკთხებში. ტრენინგები ჩაუტარდებათ ქუთაისის სამი კლინიკის და ამბროლაურის, ონის, ბორითისა და ხარაგაულის საავადმყოფოების 192 სამედიცინო პერსონალს. ტრენინგების პროგრამა შეთანხმებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან და იმერეთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრთან.
  7. სოციალური საწარმო „გუმბათი“ – წალკის მუნიციპალიტეტის სოფლების აზერბაიჯანული და სომხურენოვანი მოსახლეობის ინფორმირება ახალი კორონავირუსით გამოწვეულ საფრთხეებსა და მათი პრევენციის გზებზე. „გუმბათი“ მოამზადებს და უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით, კარდაკარ დაარიგებს საინფორმაციო მასალას ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ის ასევე აამოქმედებს 24-საათიან ცხელ ხაზს.
  8. მირიან ჯუღელი, ციფრული სოლიდარობის პლატფორმა – www.prevencia.ge ონლაინ პლატფორმის დახმარებით, მოქალაქეების ინფორმირება სხვადასხვა სახის ონლაინ სერვისებზე, რათა მათ გაუადვილდეთ საგანგებო რეჟიმისა და თვითიზოლაციის წესების დაცვა. პლატფორმა აერთიანებს სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორების სერვისებს. მასზე ასევე განთავსებულია მუდმივად განახლებადი ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსის გავრცელებაზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) რეკომენდაციებზე, ვირუსთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებზე და გავრცელებულ მითებზე.
  9. იალქანი – აჭარაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ჯგუფების, მათ შორის, შშმ პირების, მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი ოჯახების, ქუჩაში მცხოვრები ბავშვების და მარტოხელა ხანდაზმულების ინფორმირება COVID-19-თან დაკავშირებულ საფრთხეებზე, ვირუსის გავრცელების პრევენციის გზებზე და შესაბამის სახელმწიფო სერვისებზე. ორგანიზაციის მობილური ჯგუფები შეამოწმებენ სამიზნე ოჯახების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე, გამოიკვლევენ მათ გადაუდებელ საჭიროებებს და ინფორმაციას მიაწვდიან პასუხისმგებელ საჯარო უწყებებს. გარდა ამისა, „იალქანი“ გააგრძელებს მოხალისეების მობილიზებას, მოქალაქეებისგან თანხის შეგროვებას (crowdfunding) და ამ რესურსით ოჯახებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას. იმუშავებს 24-საათიანი ცხელი ხაზიც.
  10. იდენტობა Youth – ბათუმში მცხოვრებ აივ/შიდსის მქონე პაციენტებში COVID-19-ის გავრცელების პრევენცია. ამ მიზნით ორგანიზაციის წევრები, ექიმ-ინფექციონისტებთან ერთად, აივ/შიდსის რისკ ჯგუფებსა და ინფიცირებულებს მიაწვდიან ინფორმაციას COVID-19-ის და მისგან დაცვის ეფექტიანი გზების შესახებ. ისინი განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებენ იმაზე, თუ რა ზომები უნდა მიიღონ აივ/შიდსის მქონე პირებმა პანდემიის დროს, რომ დროულად და შეუფერხებლად მიუწვდებოდეთ ხელი საჭირო სამედიცინო სერვისებზე. ორგანიზაცია ინფორმაციას გაავრცელებს მიზნობრივი ვიზიტების, სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციის და ცხელი ხაზის დახმარებით.
  11. სამოქალაქო ინიციატივა „ცოდნის კაფე“ – სიღნაღში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულების მხარდაჭერა მოხალისეების აქტიური ჩართულობით. ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციით, ორგანიზაცია შექმნის მარტოხელა ხანდაზმულების მონაცემთა ბაზას, დეტალურად შეისწავლის მათ საჭიროებებს, საინფორმაციო კამპანიის დახმარებით შეაგროვებს თანხას, რომელსაც  ხანდაზმულების საჭიროებებს მოახმარს. გარდა ამისა, ხანდაზმულების გასამხნევებლად „ცოდნის კაფე“ მოამზადებს  ვიდეოებს და შესთავაზებს სტრესის მართვის აქტივობებს.
  12. პლატფორმა „სალამ“ – მარნეულის, ბოლნისისა და გარდაბნის სოფლებში აქტიური საინფორმაცია კამპანიის განხორციელება COVID-19-თან დაკავშირებულ საფრთხეებსა და მათი პრევენციის გზებზე. აზერბაიჯანულ ენაზე საინფორმაციო ვიდეოების მომზადება და გავრცელება სოციალური ქსელით. ბეჭდური მასალის გავრცელება სურსათის მაღაზიებში, აფთიაქებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე. საზოგადოების ინფორმირება სამ სამიზნე მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე. მოქალაქეების ინტერესებისა და უფლებების დაცვის მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, კერძო სექტორთან, არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან.
  13. სტუდია „ველოსიპედი“ – ბავშვების ინფორმირება COVID-19-ის შესახებ პოპულარული საბავშვო ანიმაციური ფილმის „ჟირაფი ჟოზეს“ მეშვეობით. ჟირაფი ჟოზე ბავშვებს აუხსნის, თუ რას წარმოადგენს ვირუსი და რა არის საჭირო მისი თავიდან ასაცილებლად. სპეციალურად ამ ანიმაციური სერიისთვის შეიქმნება სიმღერა, რომელსაც ჟირაფი ჟოზე შეასრულებს. ასევე, მომზადდება ჟირაფი ჟოზეს 10 საინფრომაციო პოსტერი. ანიმაცია და პოსტერები გავრცელდება სოციალური ქსელით, საბავშვო ტელეარხებით და საბავშვო ბაღების აღმზრდელების დახმარებით.
  14. Welfare Foundation – პირველადი ჯანდაცვის რგოლის, საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების გადამზადება COVID-19-ის პრევენციისა და კონტროლის, პაციენტების ტრიაჟის და სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის გავრცელების პრევენციის საკითხებში. ტრენინგები გაიმართება ონლაინ – ვებინარების სახით. მონაწილეების მობილიზებაში ჩაერთვება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) რეგიონული ოფისები. ტრენინგის მასალები ფართოდ გავრცელდება შესაბამის დაწესებულებებში.
  15. ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონი“ – ზუგდიდსა და ქუთაისში არსებული ზიანის შემცირების სერვისცენტრების ბაზაზე  ნარკომომხმარებლების (1200-1500 ბენეფიციარი) ცნობიერების დონის ამაღლება COVID-19-ზე. პირისპირ და სატელეფონო კონსულტაციები ნარკომომხმარებლებთან და მათი ოჯახის წევრებთან. საინფორმაციო მასალის მომზადება და  გავრცელება სამიზნე ჯგუფში. საინფორმაციო მასალა დაეყრდნობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC), ევრაზიის ზიანის შემცირების ასოციაციის და ევროპის ზიანის შემცირების ქსელის შესაბამის რეკომენდაციებს.